ახალი ამბები

ფემინისტური ჯგუფები პროფესორის მიერ სტუდენტზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის გამოძიებას მოითხოვენ

7 აპრილი, 2017 • 2074
ფემინისტური ჯგუფები პროფესორის მიერ სტუდენტზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის გამოძიებას მოითხოვენ

ფემინისტური ჯფუფები და ორგანიზაციები ითხოვენ, რომ შსს-მ და პროკურატურამ ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულყოფილად შეისწავლოს პროფესორის მიერ სტუდენტზე სქესობრივი კავშირის შესაძლო იძულება.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა პროფესორი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სტუდენტმა ქალმა გაზეთ „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ დაახლოებით 70 წლის მეცნიერ-ხელმძღვანელმა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება რამდენჯერმე სცადა. სტუდენტმა მისწერა უნივერსიტეტის ხელმძძვანელობას, ასევე, იანვრიდან ამ საქმეზე დაწყებულია გამოძება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური კონტაქტის იძულების მუხლით.

“უნდა გავითვალისწინოთ პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობებს შორის არსებული ძალაუფლებრივი დისბალანსი. პროფესორს გააჩნია უფლებამოსილება, სტუდენტი შეაფასოს, ჩაჭრას, წაახალისოს, ა.შ. შესაბამისად, სტუდენტის სექსუალური შევიწროება და სექსუალური ძალადობა წარმოადგენს ამ უფლებამოსილების (ძალაუფლების) ბოროტად გამოყენებას. უნივერსიტეტის ერთ-ერთი ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტის სამართლიანი შეფასება. სექსუალური ძალადობის თუ შევიწროების მოთმენის სანაცვლოდ მიღებული შეფასება და დაწინაურება კი არღვევს ამ სამართლიანობის პრინციპს.

ამ შემთხვევაში, ასევე, ვხედავთ ნდობის დარღვევის ნიშნებს. სტუდენტს ხშირად უჩნდება პატივისცემისა და ნდობის გრძნობა ნაშრომის/დისერტაციის ხელმძღვანელის, ლექტორისა თუ მენტორის მიმართ. სექსუალური ძალადობა/შევიწროება კი ამ ნდობის და პატივისცემის ბოროტად გამოყენებაა.

რაც შეეხება თანხმობას, ამგვარი ძალაუფლებრივი დისბალანსის ფონზე, რთული დასადგენია, რამდენად არის ეს თანხმობა ინფორმირებული და დამოუკიდებელი გარეშე ფაქტორების გავლენისგან, ამასთან, სწორედ შესაძლო შემვიწროებელსა და მსხვერპლს შორის არსებული იერარქიული თუ სხვაგვარი დამოკიდებულება აქცევს მას იძულებით პრაქტიკად, სექსუალური კავშირის შეთავაზებაზე შესაძლო თანხმობა, მაშინაც კი, როცა ის არასასურველია, გარკვეულ შემთხვევებში მისი გარდაუვალი შედეგია, რაც არ აცლის ქმედებას ძალმომრეობით ხასიათს და არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს პირის ბრალეულობას.

ბათუმელებში გამოქვეყნებულ ინტერვიუში პროფესორი ცდილობს მსხვერპლის დამცირებას და დადანაშაულებას. პროფესორი ამბობს, რომ სტუდენტმა “დაიჟინა, დაიჟინა, მეც მინდა წამოსვლა”-ო, ამგვარად პროფესორი მიგვანიშნებს, რომ თურმე მისი სტუდენტი  პასიური მსხვერპლის ნაცვლად, მოქმედი აქტორია: თითქოს იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტი გამოიჩენდა წასვლის სურვილს, მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა ნაკლები წონისა იქნებოდა. შესაბამისად, პროფესორი ‘რესპექტაბელური’ ქალის პატრიარქალურ მოდელს იყენებს, რათა სტუდენტის დისკრედიტაცია მის არა–პასიურ ქმედებაზე ხაზგასმით მოახდინოს. თუმცა, როგორც არ უნდა სცადოს იერარქიულად მაღლა მდგომმა, უპირატეს პოზიციაში მყოფმა პროფესორმა სტუდენტის ღირსების ეჭვქვეშ დაყენება, ფაქტია, რომ კონფერენციაში თუ ექსპედიციაში მონაწილეობის სურვილი სტუდენტს სექსუალური ძალადობის/შევიწროების რისკქვეშ არ უნდა აყენებდეს.

სტუდენტი-მსხვერპლი ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა იმ პირების მხრიდან, ვინც მას არწმუნდებდა, წერილი უკან გამოეთხოვა. მსხვერპლი განიციდის წნეხს საზოგადოების იმ წევრებისგან, რომელიც მას ადანაშაულებს და არცხვენს, რადგან სექსუალური ძალადობის შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მოძალადესთან ერთად პასუხისმგებელი არის საზოგადოებაც და ის ინსტიტუციებიც, რომლებიც თუნდაც პასიურად მხარს უჭერენ სექსუალური ძალადობის/შევიწროების პრაქტიკებს და ამგვარად წვლილი შეაქვთ მსხვერპლის ჩაგვრაში,”- აცხადებენ ორგანიზაციები.

ისინი მოუწოდებენ:

შსს-სა და პროკურატურას:

“მიუკერძოებლად, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყონ საქმის ობიექტური გამოძიება და ქმედებისათვის საბოლოო კვალიფიკაციის მისადაგება.”

მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს:

“შეისწავლოს საქმე და გამოძების პროცესში სამართალდამცავი უწყებების მოქმედებების მონიტორინგი გაუწიოს. ამასთან, საქმეში უკვე არსებულ მასალებზე დაყრდობით მოამზადოს დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს შესაბამისი რეაგირების განხორციელებისათვის”.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს:

“დადგეს პატრიარქალურ ღირებულებეზე მაღლა, და ოფიციალური გამოძიების გარდა, უზრუნველყოს აღნიშნული საქმის შესწავლა, განახორციელოს პროფესორის შესახებ მოკვლევა და მისი ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელოს მისთვის ადეკვატური დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება, მათ შორის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება”.

აჭარის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს:

“აღნიშნული ფაქტი არ დატოვოს ყურადღების გარეშე, გამოეხმაუროს და დაგმოს ის საჯარო განცხადებით”.

საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას:

“შეიმუშაონ სექსუალური შევიწროების/ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მექანიზმები და დანერგონ დამოუკიდებელი  მონიტორინგის პრაქტიკა.

უზრუნველყონ ამ მექანიზმების შესახებ პროფესორების, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სისტემური ინფორმირება.

მიიღონ ყველა ზომა სტუდენტებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად.”

განცხადებას ხელს აწერენ:

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი
ქალთა მოძრაობა
კავშირი “ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის”
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (ვისგი)
პლატფორმა ‘ქალები საქართველოდან’
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
ქალთა მზერა
აუდიტორია 115

პოსტერი ღამის მსვლელობიდან ‘არ დავთმობთ ღამეს’, 25 ნოემბერი, 2016 ფოტო: ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი

მასალების გადაბეჭდვის წესი