ახალი ამბები

დავით კირვალიძე: ერთმილიარდიანი ფონდის პრიორიტეტი ირიგაციის და სადრენაჟე სისტემის აღდგენა იქნება

26 დეკემბერი, 2012 •
დავით კირვალიძე: ერთმილიარდიანი ფონდის პრიორიტეტი ირიგაციის და სადრენაჟე სისტემის აღდგენა იქნება

კირვალიძის თქმით, სოფლის მეურნეობაში მილიარდი ფონდის პარალელურად ამ სფეროს საკითხები საინვესტიციო ფონდშიც შეიძლება იყოს განხილული: “სოფლის მეურნეობის  1-მილიარდიანი ფონდის ძირითადი პრიორიტეტი პირველ ეტაპზე იქნება დაპირებული საგაზაფხულო დახმარების პროგრამა მცირე ფერმერებისთვის, რომელთც შეჭირვებული მდგომარეობის გამო თავიანთი ფართობი არ დაუმუშავებიათ. ასევე ამ ფონდიდან იქნება დაფინანსებული 60 ახალი საწარმოს შექმნა საქართველოს მასშტაბით, რომელმაც დამატებითი ღირებულება უნდა შექმნას ადგილზე.”

 

კირვალიძის განმარტებით, ისეთი სისტემა იქნება შექმნილი, რომელიც ბაზარზე რღვევას არ გამოიწვევს: “აქ იქნება ჩართული მიკროსაფინანსო სისტემა და ბანკები. მათთან მჭიდროდ ითანამშრომლებს ფონდი იმისთვის, რომ მიღწეული იქნას შედეგი. თავის მხრივ, გაზრდილი ბიუჯეტი დარგს დაეხმარება, ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურაზეა გადანაწილებული. ეს შეეხება სადრენაჟე და საირიგაციო სისტემების აღდგენას და რეაბილიტაციას. ეს უკვე დაწყებულია. ჩვენ სისტემურად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. რადგან თუ გვალვიანი წელი იყო და ფერმერის  ფართობში წყალი ვერ მოხვდა, შეიძლება ყველაფერი დაკარგოს. ეს არის ისეთი ნაწილი ამ სისტემისა, რომლითაც ყველა სარგებლობს.”

 

დავით კირვალიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 24 ათსი ჰექტარი ირწყვებოდა: “გამართული სქემით 300 ათასი ჰექტარის მორწყვა იქნება შესაძლებელი. ეს გასაკეთებელია და ამას არ ეყოფა ერთი და ორი წელი, ბევრია სამუშაო. აქ მიიღებს  მონაწილეობას ბიუჯეტი და მსოფლიო ბანკი, რომელთანაც უკვე შეთანხმებულია ეს საკითხი. თებერვალში მსოფლიო ბანკის მისია ჩამოდის, რათა საქართველოში სიტუაცია ნახოს.”

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს გამოყოფილი აქვს 10 მილიონი დოლარი: “ჰოლანდიის მთავრობა გამოყოფს 50–60 მილიონამდე ევროს გრანტს. ესეც მოხმარდება ირიგაციას. ამ სისტემაში შედის სერვისცენტრები, ტრაქტორებით მომსახურება და ნედლეულის მიწოდება. ეს ყველაფერი შემდგომ კერძო სექტორმა უნდა აკეთოს. შეიქმნება საკონსულტაციო ცენტრები, ამისთვის ბიუჯეტში 7 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. ინფორმაციის დეფიციტი არსებობს, ასეთ პირობებში კი სოფლის მეურნეობის სექტორი ვერ განვითარდება”

მასალების გადაბეჭდვის წესი