ეს კომენტარი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ლობისტურ საქმინობასთან დაკავშირებით 2013 წლის ბიუჯეტში დამატებითი დაფინანსება არ არის გამოყოფილი.
პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უშიშროების საბჭოს ბიუჯეტთთან დაკავშირებით გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სთხოვა, კითხონ გიგა ბოკერიას, რატომ ედო აღნიშნულ ხარჯებს გრიფი საიდუმლო.
“გრიფით საიდუმლო ედო რატომღაც, თუმცა დიდი საიდუმლოებები არ ჩანს იქ. ლობისტებზე იხარჯებოდა ეს ფული. ყველა მასალა პროკურატურას გადაეცა, მძიმე კითხვებია, ბევრი ნაღდი ფულია გადატანილი, ეს არ არის მარტო ამ წელიწადს, როგორც ვიცი, ბოლო 3 წელში 50 მილიონზე მეტია გატანილი, როგორც ვიცი.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ წელს 30 მილიონი უნდოდათ. მინისტრმა კითხა, მაჩვენეთ, რისთვის გინდათ და მოგცემთ. საბოლოოდ 1 მილიონ 200- ზე დათანხმდნენ, 20 -ჯერ ნაკლებზე და ხმას არ იღებს, გამოვიდეს და თქვას, როგორ უნდა იარსებოს უწყებამ 20 -ჯერ ნაკლებით. დაასწროს ბოკერიამ პროკურატურას და თქვას, რისთვის უნდოდათ ეს ფული. მოსთხოვეთ, რომ შეგხვდეთ და განმარტოს ყველაფერი. ეს არ სვამს კითხვებს თქვენში?” – განაცხადა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გუშინვე უპასუხა:
„24 დეკემბერს გამართულ პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე ასევე გაისმა აბსურდული განცხადება უშიშროების საბჭოს აპარატის ბიუჯეტიდან ნაღდი ფულის გატანასთან დაკავშირებით, რაც სრულ სიცრუეს წარმოადგენს.
უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გასული წლების განმავლობაში გაწეული და 2013 წელს დაგეგმილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს დეტალურად მიეწოდა. აღნიშნულ უწყებასთან კორესპონდენციის ქრონოლოგია ასახულია უშიშროების საბჭოს აპარატის 30 ნოემბრის განცხადებაში. სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა უშიშროების საბჭოს აპარატის წერილობით შეთავაზება, 2013 წლის ბიუჯეტის განხილვის მიზნით შეხვედრის გამართვისა და მისი დეტალური განხილვის თაობაზე. აპარატის წერილში აღწერილი იყო ყველა ის პროექტი, რომლის დაფინანსებასაც 2013 წელს მიზანშეწონილად მივიჩნევდით. უშიშროების საბჭოს აპარატს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან არც წერილობითი, არც ზეპირი პასუხი არ მიუღია და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით შევიტყვეთ, რომ ახალი მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების მიზნით წარდგენილი პროექტების დაფინანსებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.“
უშიშროების საბჭოს ხარჯებთან დაკავშირებით პირველი განცხადება ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს გააკეთა. როგორც მაშინ მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, უშიშროების საბჭომ მიმდინარე წელს 16 მილიონი ლარი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებას უშიშროების საბჭო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაკვირვებას იწვევს უშიშროების საბჭოს აპარატის მიმართ დასმული შეკითხვები.
“ინფორმაცია ჩვენ მიერ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების, მათი შინაარსისა და გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ დიდი ხანია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის: უშიშროების საბჭოს აპარატმა ხსენებული ხელშეკრულებების ასლები მიაწოდა ყველა ორგანიზაციას, რომელმაც შესაბამისი თხოვნით მოგვმართა. ხელშეკრულებები ასევე განთავსებულია შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამრიგად, ცნობილია ხელშეკრულებების შინაარსიც და გაწეული მომსახურების მიზნებიც.”- ნათქვამია უშიშროების საბჭოს 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.