ახალი ამბებიკომენტარიხელოვნება

ფილმებში სიგარეტის მოწევის კონტროლი ცენზურის დასაწყისია – ინტერვიუ ქეთი დევდარიანთან

6 აპრილი, 2017 • 7394
ფილმებში სიგარეტის მოწევის კონტროლი ცენზურის დასაწყისია – ინტერვიუ ქეთი დევდარიანთან

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს, რომ ინიციატივა, რომლითაც ფილმებში, სადაც მოწევის სცენებია აღბეჭდილი, გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს, არის ცენზურის ჩანასახი.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფილმს მოწევის შემცირებასა და პოპულარიზაციაზე, რამდენად შეიძლება გუგული მაღრაძის ინიციატივამ ხელი შეუწყოს ცენზურის დაწესებას და შინაარსობრივ საქმიანობაში ჩარევას, ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” სცენარისტ ქეთი დევდარიანს ესაუბრა.

რამდენად შეიძლება შეუწყოს ფილმმა ხელი მოწევას ან შეამციროს, თუკი რამე რეგულაცია დაწესდება?

ფილმებს იმიტომ არ იღებენ, რომ მოწევას ხელი შეუწყოს ან შეამციროს. ეს ყველაფერი საშიშია  სხვა მიმართულებით. ეს არის ცენზურის ჩანასახი, ასე იწყება ცენზურა. შემდეგი ეტაპი იქნება, რომ ფილმში არავინ უნდა იგინებოდეს; მერე იქნება, რომ ფილმში არავინ უნდა იქცეოდეს ცუდად; შემდეგ ძალიან რთული გასარკვევი იქნება, ეს სერიალის და ფილმის მსოფლმხედველობრივი კონცეფციის აკრძალვაა, თუ რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის საქციელის. ეს ცენზურა უკვე გავლილი გვაქვს. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც სახელმწიფო განსაღვრავდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ არარსებული ადამიანები, ანუ პერსონაჟები.

სიგარეტის მოწევა, კოლოფის გამოჩენა, პლეისმენთი – ამაში ფულის აღება ისედაც [რეკლამის შესახებ] კანონით არის აკრძალული. ანუ ამაში პროდაქთ ფლეისმენთს ვერ ვაკეთებთ.

ის, რომ ვიღაცას სიგარეტის ღერი უჭირავს და ეწევა, არავინ ამბობს, რომ ეს არის კარგი. სერიალში მკვლელობა ჩანს, ვიღაც ცოლს ღალატობს, არსად ხაზგასმა არ არის, რომ ეს კარგია. ყველა ეწევაო – გუგული მაღრაძე რომ ამბობს, ყველა არ ეწევა, ეწევა ზოგიერთი, ისევე, როგორც ცხოვრებაში.

როდესაც კაფეში მოწევას აკრძალავენ, აღარც სერიალში მოწევენ კაფეში იმიტომ, რომ ჩვენ კაფეში ვიღებთ და იქ რომ მოწევა აკრძალული იქნება, იქ ვეღარ მოწევენ.

გაეცანით კანონპროექტს: კანონპროექტის მიხედვით, შენობებში, ტრანსპორტში და სტადიონებზე მოწევა აიკრძალება

გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ სერიალში სპეციალურად ეწევიან ლამაზად

რომ რატომ, რა გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობა ამოვჟლიტოთ ფილტვის კიბოთი, ეს არის ჩვენი მიზანი? ჯერ ერთი, დადებით და უარყოფით გმირებზე როცა ლაპარაკობენ, სერიალში რომელია დადებითი და უარყოფითი გმირი? სიგარეტის მოწევის გარდა, რას აკეთებენ ისეთს, რომ მიბაძონ? მიბაძვით, ვიღაცა “ბიტით” რომ დარბოდა, იმასაც მიბაძა, მაგრამ ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა. ვიღაც სერიალში რომ ხედავს, როგორ ურტყამენ ვიღაცას და მერე მიდის სახლში და ოჯახის წევრს ურტყამს, ამის გამო სულ კარგ რაღაცებს ვერ ვაჩვენებ. აწერია +12 და ბავშვებისთვის არ არის ეს სერიალი. მთავარი ეს არის – არ არის ეს საბავშვო სერიალი.

არის მეორე ინიციატივაც, რომ ფილმები, სადაც ჩანს მოწევა, გავიდეს გვიან, როდესაც მოზარდები ვერ ნახავენ.

ამას მივყავართ ცენზურამდე. გუგულის სულ ფეხებზე ჰკიდია ჩემი, თქვენიც და ყველას ფილტვები, აქ აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე დარდობენ ეგენი, რომ შეძლონ ჩარევა ყველაფერში, რაც არ მოსწონთ. გამეორება რომ მომინდეს, დავჯდე და ყველა სერიაში, ვინც სიგარეტს ეწევა, “ვბლარო” 600 სერია? საფრთხეს ვხედავ ძალიან სერიოზულს. რუსეთში აკეთებენ ასეთ რაღაცებს. მაგალითად, არ უნდა იგინებოდეს არავინ. ტრანსგენდერი პერსონაჟი გვყავს და ხვალ შეიძლება აკრძალონ. ის დისკურსიც ხომ არის, რომ გეების და გარყვნილების პროპაგანდა მიდის და სერიალში რომ დაინახავენ ტრანსგენდერს, ვიღაცა მიბაძავს და აკრძალონ.

ასე ძალიან შორს წავალთ, ამის გამოცდილება გვქონდა, ვცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, სადაც ფილმები ცენზურდებოდა და ამოჭრილი კოცნები, ძუძუები და სიგარეტები ეყარა ხოლმე ნაგავში და მერე მიდიოდნენ ბავშვები და ნახულობდნენ ამოჭრილ ფირებს. საპატრიარქოს არხზე არის ქართული ფილმები, სადაც კოცნა, სიგარეტი ამოჭრილია. ზოგადად, ტელევიზორში ვერსად ნახავთ ერთ მონაკვეთსაც კი, სადაც ირიბად არის ხაზგასმული, რომ “სიგარეტი რა მაგარია”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს მოწოდებები, რომ ნაკლებად აჩვენონ ფილმებში სიგარეტის მოწევის სცენები.

ჟანრს გააჩნია. ფილმში არც ერთი პერსონაჟი არ არის დადებითი. ყველაფერი, რაც ხდება, არის იმის დაცინვა. გინებით ისე იგინებიან, რომ ეს არის ცუდი – ჩანს რეჟისორის პოზიცია. ვიღაცას თუ იუმორის გრძნობა არ აქვს, ან ვერ ხვდება, რომ ესაა სატირა და იქ იმიტომ კი არ ეწევიან, რომ სხვებმა მოწიონ, არამედ იმიტომ, რომ შეწუხდე და შენ აღარ მოწიო. ვიღაც ცოლს თუ აგინებს, იმიტომ კი არ აგინებს, რომ შენ წახვიდე და აგინო, იმიტომ, რომ არ აგინო. გვერდიდან როცა უყურებ პრობლემას, უფრო კარგად აღიქვამ. მე ასე მგონია.

ამ ინიციატივის შემდეგ რამე რეაქცია გექნებათ? უფრო გაახშირებთ მოწევის სცენებს, თუ უფრო შეამცირებთ?

20 სერიის სცენარი დაწერილია წინასწარ. თუ კანონი აგვიკრძალავს, ვერ გავაკეთებთ, ჯერ ერთი, შეიძლება აკრძალონ ეს სერიალი და არ გავა. მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე. თუ ამიკრძალავენ, ვეღარ გავაკეთებთ. შეიძლება თქვან, რომ ეს სერიალი ზოგადად უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ზნეობრივ სადარაჯოზე დადგება პარლამენტი. სხვა ყველა პრობლემა ხომ მოგვარებული გვაქვს და ეს დარჩა, რომ დახვეწილი და რაფინირებული საზოგადოება არ გავრყვნათ. მე არც მოვუმატებ მოწევას სერიალში და არც მოვაკლებ. ჯერჯერობით, სანამ ინიციატივის დონეზეა, გუგული ვერ იქონიებს ჩემს სცენარზე და გიორგის [ლიფონავა] გადაღებულ სერიალზე გავლენას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი: გაეცანით ბმულზე

მასალების გადაბეჭდვის წესი