არჩილ კბილაშვილის თქმით, გამოძებისას ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება, ყველა პირი დაისჯება, იქნებიან ესენი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები თუ გუნავას საქმის პროკურორი.
მთავარი პროკურორის ცნობით, ამ საქმის გამოძიება თითქმის დასრულებული აქვს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, თუმცა გამოძიების დასრულება გააჭიანურა თენგიზ გუნავას მიერ წარმოდგენილმა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამ, რომლის მიხედვითაც თენგიზ გუნავას ორგანიზმში ნარკოტიკის მოქმედების კვალი არ აღმოჩნდა.
შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა 2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ის ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს. გუნავა მისთვის ბრალის წაყენებას ბაჩო ახალაიასთან მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებს. მან ჩაიტარა ექსპერტიზა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არანაირი ნარკოტიკი არ მოუხმარია გარდა მისი დაკავების შემთხვევისა, როცა მის ორგანიზმში იყო ნარკოტიკული საშუალება მორფინი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, დაკითხვისას წყალში გარეული დაალევინეს. გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში “მაკაროვის” სისტემის იარაღი ჩაუდეს. თენგიზ გუნავამ მისთვის იარაღის ჩადების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასწრო იუსტიციის სამინისტროს და საკუთარი გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე ამ საქმესთან დაკავშირებული ხუთი პოლიციელი გაათავისუფლა სამსახურიდან, თუმცა შსს–მ განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდებოდა ცნობილი.
