ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული, 250- ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე 20 ლარი დაერიცხება, საიდანაც 8 ლარითა და 45 თეთრით ელექტროენერგიის გადასახადი დაიფარება. ანუ წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული. საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, ოჯახები, რომლებიც თვეში 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, საწყის ეტაპზე, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, 3 ლარით და 54 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე არ შეეხება თბილისში მცხოვრებ იმ 50 000 ოჯახს, რომლებიც ე.წ. მე-3 კატეგორიის გადამხდელებს მიეკუთვნებიან.
“თბილისში მცხოვრებ იმ 40 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, კომუნალური გადასახადების დასაფარად სააბონენტო ანგარიშზე ასევე 100 ლარი დაერიცხებათ. ამასთანავე, პირად ანგარიშზე ისინი წლის განმავლობაში დამატებით 150 ლარს მიიღებენ. მერიის კომუნალური ვაუჩერი 8 ლარის და 40 თეთრის თანაგადახდას დასუფთავების გადასახადზე, ხოლო ოჯახის ერთ წევრზე წყლის ტარიფის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს.” ნათქვამია ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ძალაში რჩება ზამთრის პერიოდში დასუფთავების ტარიფის განახევრების შესახებ საკრებულოს მიერ გასულ თვეს მიღებული გადაწყვეტილება.
ამასთან, თბილისის მერი მთავრობას კონსულტაციებს სთავაზობს, რათა თბილისის მოდელის მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა მოხდეს.
“ჩვენს მთავრობას ანალოგიურად 100- ლარიანი ვაუჩერი რომ გაევრცელებინა საქართველოს დანარჩენ რეგიონებზეც, დამატებით 76 მილიონი ლარი დაჭირდებოდა ცენტრალურ ბიუჯეტს იმისათვის, რომ მიეღო 2- ჯერ მეტი შეღავათი მოსახლეობას ელქტროენერგიაზე. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, თუმცა, შესრულების ფორმა არის მახინჯი მცდელობა წინაასარჩევნო დაპირების, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგოინფრასტრუქტურის ეფექტურ მუშაობას და ჩვენი ოჯახების ენერგოუსაფრთხოებას მომვალში. ის არის უპასუხისმებლო, არ არის ის, რასაც ჩვენი მოსახლეობა ელოდა. კვლავ არის დრო, მე მზდ ვარ კონსულტაციებისთვის,”- აცხადებს გიგი უგულავა.