ახალი ამბები

მოლდოვის გამოცდილება – უვიზო რეჟიმი

5 აპრილი, 2017 • 5657
მოლდოვის გამოცდილება – უვიზო რეჟიმი

რა გამოცდილება აქვს მოლდოვას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირველ ეტაპზე და რამდენად გამოადგება ეს მაგალითი საქართველოს ანალიზისთვის?

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის თაობაზე დიალოგი ყველაზე ადრე უკრაინამ დაიწყო, თუმცა პირველმა მოლდოვამ მიიღო 2014 წლის აპრილში. სტატისტისკური მონაცემების მიხედვით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 1 წელიწადში მოლდოვის ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებმა ევროკავშირის საზღვარი 241,000 -ჯერ გადაკვეთეს, მხოლოდ 1355 ადამიანს უთხრეს უარი ევროკავშირში შესვლაზე, ევროკავშირის საემიგრაციო წესები კი 2397-მა ადამიანმა დაარღვია.

ერთ-ერთი პირველი მგზავრი, რომელმაც 2014 წლის 28 აპრილს მოლდოვიდან ევროპაში უვიზოდ იფრინა © EPA/STR

ერთ-ერთი პირველი მგზავრი, რომელმაც 2014 წლის 28 აპრილს მოლდოვიდან ევროპაში უვიზოდ იფრინა © EPA/STR

“უვიზო რეჟიმის ეფექტი მოლდოვასთვის უაღრესად პოზიტიურია”, – ამბობს მიჰაი პოპსოი, ანალიტიკოსი მოლდოვიდან, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა.

მისი თქმით, გარდა უშუალოდ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული სიკეთისა, პოზიტიური როლი ჰქონდა იმ რეფორმებს, რომლებიც უვიზო რეჟიმის მიღწევისათვის საქართველოს მსგავსად მოლდოვაშიც გატარდა, იქნება ეს ბიომეტრიული პასპორტები, პერსონალური მონაცემების დაცვა, საზღვრის მართვა თუ უსაფრთხოება.

“ევროპაში მოგზაური მოლდოველების რაოდენობა გაიზარდა. ბევრს გაუჩნდა ევროპაში ჩასვლისა და იქ მცხოვრები ახლობლების მონახულების შესაძლებლობა. ზოგი უკან აღარ დაბრუნდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საემიგრაციო წესების დარღვევების რაოდენობა საკმაოდ დაბალია, რადგან მოლდოვის შემთხვევაში იმ ადამიანების უმეტესობას, ვისაც ევროპაში მუშაობა სურდა, ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა რუმინეთის პასპორტით”, – ამბობს პოპსოი.

“მოლდოვა განსაკუთრებული შემთხვევაა… რუმინეთის მოქალაქეობის გამო ბევრ მოლდოველს ისედაც შეუძლია ევროკავშირში გადაადგილება”, – ეს კიდევ ერთი მოლდოველი ანალიტიკოსის, დენის ჩენუშეს კომენტარია, რომელიც დამოუკიდებელ Think-Thank-ს, Expert-Grup-ს წარმოადგენს.

2015 წლისათვის მოლდოვაში 500 000 ადამიანი ცხოვრობდა, ვისაც რუმინეთის პასპორტიც ჰქონდა. მოლდოვის მოსახლეობა სულ 3.5 მილიონია.

“თუმცა, სტატისტიკის თანახმად, 2014-2015 წლებში მოლდოველებს შორის მოგზაურობის ინტერესი და მოთხოვნილება გაიზარდა. მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი, რის გამოც მოქალაქეები უვიზო რეჟიმს დიდი მასშტაბით არ იყენებენ, დაბალი შემოსავლებია (მოლდოვაში საშუალო თვიური შემოსავალი 200 ევროზე ნაკლებია)”, – ამბობს ჩენუშე ჩვენთან საუბარში და დასძენს, რომ უვიზო რეჟიმმა მოქალაქეებისათვის ევროპაში სამოგზაურო ტურების ფასები მაინც შეამცირა.

“რთულია პირდაპირი კავშირის დადგენა  მომსახურების ინდუსტრიასა და ვიზალიბერალიზაციას შორის. ამან უფრო შეცვალა ტურიზმის სფეროს აქტორების მოქმედების ხერხები, რადგან ისინი გათავისუფლდნენ ვიზების მოთხოვნის ვალდებულებისაგან მოლდოველი ტურისტებისათვის. ამან, საბოლოო ჯამში, შეამცირა ხარჯები და დრო, რაც ტურების ფასებზეც აისახა”.

მიჰაი პოპსოი კი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უვიზო რეჟიმმა  სტუდენტების მობილობა  და ბიზნეს-გადაადგილებები მნიშვნელოვნად გაამარტივა.

“რამდენიმე ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. Wizz Air კიშინიოვში აპირებს ჰაბის გაკეთებას. მგზავრთა რაოდენობა კიშინიოვის აეროპორტში გაიზარდა. აეროპორტი მოდერნიზებული გახდა. დაგეგმილია მის რეგიონალურ ჰაბად ქცევა ევროპასა და აზიას შორის. იაფმა ფრენებმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა საშუალება მისცა ადამიანებს, რომ ბილეთებში ძალიან ბევრი ფული არ დახარჯონ. ასევე გაიზარდა რეისებისა და დანიშნულების ადგილების რაოდენობა”, – ამბობს პოპსოი, რომელსაც ასევე ვკითხეთ იმ პრობლემური საკითხების შესახებ, რაც უვიზო რეჟიმის კონტექსტში გამოიკვეთა:

“ერთადერთი დიდი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ახლა ვაანალიზებთ, არის ის, რომ შესაძლოა უვიზო რეჟიმი ძალიან ადრე მივიღეთ და ახლა  შემოსათავაზებელი აღარაფერია [ევროკავშირის] წევრობის გარდა, რომელიც ბანქოში არ დევს. შესაბამისად, რეფორმებთან დაკავშირებით მუხტი დაბალია მას შემდეგ, რაც ვალდებულებები (ევროკავშირის მიმართ) აღარ არის, ან ნაკლებია. გასულ წელს, კორუფციის სკანდალების შემდეგ, ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ თუ მოლდოვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას არ გააძლიერებდა, უვიზო რეჟმს დაკარგავდა. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს გააუქმებს. მოლდოველემა პოლიტიკოსებმა კი ეს იციან”, – ამბობს პოპსოი.

ჩენუშეს თქმით კი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უვიზო რეჟიმმა მოლდოვას მოუტანა, არის ის ფაქტი, რომ სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან მოლდოვის ბიომეტრიულ პასპორტებზე მოთხოვნილება გაიზარდა.

“ბევრმა ადამიანმა სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონიდან დაიწყო მოლდოვის პასპორტის მიღებაზე განაცხადების შეტანა. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ასეთი განაცხადების რაოდენობა 30 000 ადამიანით გაიზარდა. ეს ეხმარება რეინტეგრაციის პროცესს”, – ამბობს პოპსოი და დასძენს, რომ გარდა ამისა, მოლდოვის პასპორტის გაძლიერება მნიშვნელოვანია რუმინეთის პასპორტებზე მზარდი მოთხოვნის დაბალანსების კუთხითაც.

მგზავრები პირველ "უვიზო რეისზე" მოლდოვიდან ევროპაში 2014 წლის 28 აპრილს © EPA/DUMITRU DORU

მგზავრები პირველ “უვიზო რეისზე” მოლდოვიდან ევროპაში 2014 წლის 28 აპრილს © EPA/DUMITRU DORU

“უვიზო რეჟიმის გამო მოლდოვის მოქალაქეები ქვეყნის ბიომეტრიულ პასპორტს უფრო ღირებულ დოკუმენტად თვლიან. უვიზო რეჟიმამდე ევროპაში მარტივად მოგზაურობის ერთადერთი შესაძლებლობა რუმინეთის პასპორტის აღება იყო, თუმცა  რუმინეთის პასპორტის პრაქტიკული ღირებულება კვლავაც მაღალია, რადგან ის ინტეგრირებულია ევროპის შრომით ბაზართან”, – ამბობს ჩენუშე და დასძენს, რომ მისი აზრით, უვიზო რეჟიმს და ევროპაში ადვილად მოგზაურობის შესაძლებლობას საქართველოს მოსახლეობაზე უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე მოლდოვის მოქალაქეებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი