ორგანიზატორებმა რამდენჯერმე შეახსენეს დარბაზში ფეხზე მდგომ საზოგადოებას, რომ გია დვალის ლექცია მინიმუმ 2 საათნახევარს გაგრძელდებოდა, შესაბამისად, მათ შეეძლოთ სხვა დარბაზში გადაენაცვლათ და ლექციის მიმდინარეობისთვის მონიტორზე ედევნებინათ თვალი. ამავე თხოვნით ლექციაზე დასწრების მსრუველებს თსუ-ს ლექტორმაც, ალექსანდრე კვიტაშვილმაც მიმართა. საბოლოოდ გია დვალის ლექციის ჩატარება უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გადაწყდა.
“მეცნიერული აზრის მნიშვნელობა სამყაროს თავისუფალი შემეცნებისთვის” – ასე ერქვა ლექციას, რომელიც ფიზიკოსმა, გია დვალმა საზოგადოებას დღეს, 24 დეკემბერს წაუკითხა სტუდენტებს, ლექტორებს და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს.
“მეცნიერული აზრი არის ჩვენი არსებობა. როცა უნივერსიტეტში მოდიან სტუდენტები, ჩვენ კი არ ვამზადებთ მათგან ფიზიკის მკვლევარს ან ბიოლოგიის მკვლევარს, ჩვენ მასში ვამზადებთ საღად მოაზროვნეს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სტუდენტმა უნდა წაიღოს უნივერსიტეტიდან, ეს არის საღად აზროვნების სწავლა, რომელიც მხოლოდ ლოგიკაზე არ დაიყვანება,- ლოგიკა შეიძლება ასწავლო. სამწუხაროდ, არსებობს მეცნიერული და საღი აზრის კონცეფცია, რომელიც ადვილად, ერთ სქემაში არ მოექცევა, ამას სჭრდება გამუდმებული ცდა ტვინის სხვადასხვა დისციპლინაში.
ამას მივყავართ იქამდე, რამდენად მნიშნველოვანია კვლევა, მეცნიერება. არის სხადასხვა მოსაზრება, რომ მეცნიერება არის პრესტიჟის ამბავი და თუ გვინდა, რომ ჩვენც სრულუფლებიანი ერი ვიყოთ, უნდა ვიყოთ ჩართული მეცნიერების საერთაშორისო ფერხულში. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური აზრია, მაგრამ მეცნიერების არსებობა მნიშნველოვანია იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებობდეს ინტელექტუალური ატომოსფერო. ის ფაქტორი, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებად უნდა შევუწყოთ ხელი მეცნიერების განვითარებას, არ არის კაპრიზი, ეს არის ყოველდღიური მოთხოვნა – სხვანაირად ვერ ვისწავლით საღად აზროვნებას. აქ ლაპარაკი არ მაქვს მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, ეს ეხება ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროს,”- ამბობს დვალი.
გია დვალი მიიჩნევს, რომ მეცნიერების განვითარება გაცილებით მნიშნველოვანია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, სადაც ქვეყანას სხვა რესურსები ნაკლებად აქვს – “ჩვენი რესურსი უნდა გახდეს ინტელექტი.”
ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გადავიდა.
“დღეს ფოკუსირება გავაკეთე ერთ გარკვეულ ასპექტზე. მეცნიერული ჩარჩო გამოვიყენე იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო ის არენა, რომელზეც თამაშდება მეცნიერული იდეები საღი აზრისა, რომლის ნაკლებობის პრობლემა დღეს ქვეყანაში არსებობს,” – ამბობს დვალი ლექციის ბოლოს.
მისივე თქმით, საქართველოში ახალ წლამდე რჩება და მოთხოვნის შემთხვევაში, კიდევ ერთ ლექციასაც ჩაატარებდა.
შეგახსენებთ, რომ გია დვალი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტის თანაავტორია.