ახალი ამბები

ცქიტიშვილი: ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებაზე

5 აპრილი, 2017 • 2103
ცქიტიშვილი: ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, გენდერული თანასწორობის პრობლემებზე საჯარო სივრცეში ნაკლებად საუბრობენ ხოლმე. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პარადოქსია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ქალის კულტი არსებობს, არსებობს ქალზე ძალადობის პრობლემა:

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე ვისაუბროთ კაცებმა, ქალები ამ პრობლემებზე  ხშირად საუბრობენ. კაცების მიერ გახმოვანებული ეს პოზიციები ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ იმისათვის, რომ ხელი შევუშალოთ დისკრიმინაციის არსებობას. პარადოქსია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ქალის კულტი არსებობს, არსებობს ქალზე ძალადობის პრობლემა”.

დიმიტრი ცქიტიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების ინიციატივას, რომელზეც პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს:

“დღის წესრიგში გვაქვს უმნიშვნელოვანესი კონვენციის რატიფიკაციის საკითხი და თანმდევი კანონპროექტები. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონის თვალსაზრისით. ჩვენ არა მარტო რატიფიცირებას ვახდენთ, არამედ მზად ვართ, რომ კანონი აღვასრულოთ და ვიბრძოლოთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მოგიწოდებთ ყველას, რომ ამ კანონს ყველამ მხარი დავუჭიროთ. ”

ცქიტიშვილის აზრით, კონვენცია  საკმარისი არ არის ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებისთვის და საჭიროა ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება:

“კონვენციის რატიფიცირებით მინიმუმამდე შევამცირებთ ძალადობის  ფაქტებს, მაგრამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქალებს არა მარტო პოლიტიკური უფლებები ჰქონდეთ, არამედ ამ უფლებებით  სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ”

სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და ის მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობას, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ კანონის მიზნებისთვის „ქალი“ მოიცავს 18 წელს მიუღწეველ მდედრობითი სქესის არასრულწლოვანსაც.

ცვლილებების მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ;  პირთა ჯგუფის მიერ;  არაერთგზის, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

პროექტით,  ძალადობისგან დაცვის უფრო ქმედითი მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით, იცვლება შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლის საკითხი და სწრაფი და ეფექტური რეაგირების საჭიროებიდან გამომდინარე, უქმდება მისი ძალაში შესვლისთვის 24 საათში სასამართლოში წარდგენის ვალდებულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი