ახალი ამბები

ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ პუტინს დავოსში შეხვდეს

24 დეკემბერი, 2012 • 927
ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ პუტინს დავოსში შეხვდეს

“მე არ მგონია, რომ ურთიერთობების შეფასებისას რუსეთის პრეზიდენტმა გადააჭარბა რამე, საკმაოდ რთულია, მე ასე ვუყურებ ამ საკითხს და ამ შემთხვევაში თანხვედრაში მოდის ჩვენი მოსაზრებები. მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ თანმიმდევრული და კონსტრუქციული, რასაც ჩვენ ვაპირებთ და მე იმედი მაქვს, რომ დროში ჩვენ ნაბიჯ–ნაბიჯ გავაუმჯობესებთ და დავალაგებთ ჩვენს დიდ მეზობლებთან ურთიერთობას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი უარს იტყვის ამჟამინდელ პოზიციაზე, სიტუაციის დასარეგულირებლად გარკვეული მექანიზმი იქნება შესამუშავებელი:

“სურვილიც რომ გაუჩნდეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ უარი თქვას მასზე, რაც უკვე განაცხადა, აღიარება მაქვს მხედველობაში აფხაზეთის და ოსეთის რესპუბლიკების, თვითონ პროცესი არ იქნება მარტივი. მათ რომ გაუჩნდეთ სურვილი, მათაც ჰყავთ მოსახლეობა, ჰყავთ ელექტორატი და გარკვეული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მექანიზმის ძიებაზე უნდა წავიდეს საქმე, თუმცა ეს გადაწყვეტილება მე არ მაქვს მხედველობაში, რომ მიღებული აქვს ვინმეს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი შეეხო საქართველოს დსთ–ში დაბრუნების საკითხსაც. მან განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს ევროპისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას და ეს კურსი არ შეიცვლება, თუმცა არსებობს პოზიცია, რომლის მიხედვითაც საქართველომ უნდა დაარეგულიროს ურთიერთობები მეზობელ და მათ შორის დსთ–ს წევრ ქვეყნებთან, თუმცა ამან ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

ივანიშვილის თქმით, დავოსში რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან შეხვედრა არ არის გამორიცხული, თუმცა არ იგეგმება:

“რაც შეეხება დავოსში შეხვედრის შესაძლებლობას რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან, კონკრეტული არაფერი არ გაგვაჩნია, მე არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერ მზაობა არაა ამისთვის, უნდა იყოს მზაობა. ალბათ, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ მოხდეს შეხვედრა მაღალ დონეზე. ჩემი გადმოსახედიდან ეს ნაადრევი იქნება, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენ არ ვმუშაობთ აქტიურად ამ შეხვედრასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერ მინისტრმა ჟენევაში შემდგარი შეხვედრაც შეაფასა:

“თვითონ შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ პრემიერ მინსიტრის წარმომადგენელს შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უფრო ნაკლებ დატვირთვას ვაძლევდით და ტექნიკურს ვეძახდით იმ საკითხებს, რაზეც იყო საუბარი, თუმცა მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, თუ ხედავთ ქმედებებს. იქ საუბარი იყო ჰუმანიტარული, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე და თუ ორი–სამი დღის წინათ გაკეთებულ განცხადებებს და ქმედებებს ნახავთ რუსეთის მხრიდან, ეს არ გამოდგა მარტო ტექნიკური, მან მიიღო განვითარება და დაჩქარდა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია შეუფერხებლად მიაღწევს რუსულ ბაზრამდე, იგივე იქნება მათი მხრიდან, თუ ამის სურვილი იქნება, რუსეთში წარმოებული პროდუქციაც შემოვიდეს ჩვენ ბაზარზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრემიერ მინსიტრის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს თანამდებობაზე ვალერი ხაბურძანია ჩაანაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი