პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს ბიუჯეტთთან დაკავშირებით ჟურნალისტებს სთხოვს, კითხონ გიგა ბოკერიას, რატომ ედო აღნიშნულ ხარჯებს გრიფი საიდუმლო.
“გრიფით საიდუმლო ედო რატომღაც, თუმცა დიდი საიდუმლოებები არ ჩანს იქ. ლობისტებზე იხარჯებოდა ეს ფული. ყველა მასალა პროკურატურას გადაეცა, მძიმე კითხვებია, ბევრი ნაღდი ფულია გადატანილი, ეს არ არის მარტო ამ წელიწადს, როგორც ვიცი, ბოლო 3 წელში 50 მილიონზე მეტია გატანილი, როგორც ვიცი.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ წელს 30 მილიონი უნდოდათ. მინისტრმა კითხა, მაჩვენეთ, რისთვის გინდათ და მოგცემთ. საბოლოოდ 1 მილიონ 200- ზე დათანხმდნენ, 20 -ჯერ ნაკლებზე და ხმას არ იღებს, გამოვიდეს და თქვას, როგორ უნდა იარსებოს უწყებამ 20 -ჯერ ნაკლებით. დაასწროს ბოკერიამ პროკურატურას და თქვას, რისთვის უნდოდათ ეს ფული. მოსთხოვეთ, რომ შეგხვდეთ და განმარტოს ყველაფერი. ეს არ სვამს კითხვებს თქვენში?” – განაცხადა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
უშიშროების საბჭოს ხარჯებთან დაკავშირებით პირველი განცხადება ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს გააკეთა. როგორც მაშინ მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, უშიშროების საბჭომ მიმდინარე წელს 16 მილიონი ლარი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებას უშიშროების საბჭო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ გაკვირვებას იწვევს უშიშროების საბჭოს აპარატის მიმართ დასმული შეკითხვები.
“ინფორმაცია ჩვენ მიერ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების, მათი შინაარსისა და გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ დიდი ხანია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის: უშიშროების საბჭოს აპარატმა ხსენებული ხელშეკრულებების ასლები მიაწოდა ყველა ორგანიზაციას, რომელმაც შესაბამისი თხოვნით მოგვმართა. ხელშეკრულებები ასევე განთავსებულია შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამრიგად, ცნობილია ხელშეკრულებების შინაარსიც და გაწეული მომსახურების მიზნებიც.”- ნათქვამია უშიშროების საბჭოს 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.