თვითმმართველობებში პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი არაფერი იგეგმება.
“არ იგეგმება, რომ ვინმე ახალი წლის შემდეგ დაკარგავს სამსახურს. ამ ეტაპზე ამას ვერც მოვახერხებთ და ამის ბერკეტებიც არ გაგვაჩნია. არც ჩანაცვლება იგეგმება. ამ პროცესებში არ ვერევით. თუმცა დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ გაბერელია შტატები. ის ტრანსფერები, რაც რეგიონებში კეთდება, ძირითადად, ნაწილდება ხელფასებზე და რეგიონის განვითარებას პრაქტიკულად არ ხმარდება. როდესაც ჩვენ დავიწყებთ ერთ ერთი ძირითადი ჩვენი რეფორმის განხორციელებას, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, ჩემი აზრით, საზოგადოებას მისცემს საშუალებას, აირჩიოს და აკონტროლოს ადგილობრივი ხელისუფლება, ამ პროცესებში მოხდება თუ არა შემცირება კადრების, არ ვიცი, შესაძლებელია გაზრდაც განხორციელდეს.”
თუმცა, მისივე აზრით, ნორმალური პროცესია, თუ ერთი პარტიის წაგებისა და მეორის გამაჯვების შემთხვევაში, გარკვეულ თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით ვინმე დაინიშნოს.
“თანმდევი მოვლენებია ის, რაც ხდება, ერთი-ორი კადრის ჩანაცვლება ნორმალური პროცესია.”
ამასთან, პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ახალი ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნა სამსახური.
“პოლიტიკური ნიშნით ცვლილებები ნორმალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავას იმას, რომ ტოტალურად ხდება საჯარო მოხელეების ჩანაცვლება, როგორც წინა ხელისუფლების შემთხვევაში, როდესაც საკმარისი იყო მასწავლებელს გამოეხატა თავისი პოლიტიკური სიმპათია, რომ მაშინვე უშვებდნენ სამსახურიდნ.”
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, 24 დეკემბერს ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.