“პირველ რიგში შემცირდა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები, უშიშროების საბჭოს ხარჯები, მთავრობის კანცელარიის და ძალიან ბევრი სამინსიტროს ხარჯები, ფინანსთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს ხარჯები, მაგრამ ეს არ შემცირებულა კჯარისკაცების კვების ან ინფრასტრუქტურის ხარჯზე. ყიდულობნენ იარაღს, რომელიც არ იყო საჭირო, ხშირად გაუაზრებელი ხარჯები იყო და ამის ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ ხარჯების შემცირება”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ამ თანხებით მოხერხდება პენსიების ზრდა, სოციალური დახმარებები თითქმის გაორმაგდება, 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა დევნილებისთვის ბათუმსა და ფოთში ბინების ასაშენებლად. ივანიშვილის განცხადებით, 2013 წლიდან ჯანდაცვაზე 800 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გაორმაგდება სტუდენტთა საგრანტო ხარჯები, ასევე მეცნიერებაზე გაწეული ხარჯები.
ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილ თანხებზე, რომლითაც ტექნიკის შეძენა უნდა განხორციელდეს, ის ასევე შეეხო ერთმილიარდიან ფონდის თემასაც:
“იმ ფონდთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ არჩევნების პროცესში მოვიხსენიებდით, ერთმილიარდიან ფონდს, ამ ფონდის საქმიანობის შესახებ ჩვენ განცხადებებს გავაკეთებთ იანვარში, თუ როგორ და რა სახით ვაპირებთ დახმარებებს სოფლის მეურნეობაზე. რომ დაკრედიტებები მოხდება 0–დან 3 პროცენტამდე, როგორც ვამბობდით, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობაზე და ეს იქნება თითქმის შეუზღუდავი. თუ იქნება პროექტი შესატყვისი, რა თქმა უნდა, ყველა პროექტი ვერ დაფინანსდება. იქნება ძალიან მკაცრი კომისია, რომლის შედგენაც ძალიან რთულია და ამაზე ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. გარდა საინვესტიციო ტიპის კრედიტებისა, ჩვენ გავცემთ ერთწლიან კრედიტებსაც. სოფლის მეურნეობის მუშაკები ძალიან ხშირად სარგებლობდნენ ბანკის კრედიტით, ეს იყო ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი პროცენტით, ჩვენ გვექნება 7 მაქსიმუმ 8 პროცენტი, ერთწლიანი მაქვს მხედველობაში და არა საინვესტიციო და ესეც ძალიან დიდი შეღავათი იქნება ფერმერებისათვის”, – განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, მუშაობა მიდის ტექნიკის შესყიდვაზე:
“400 ტრაქტორი გვაქვს დღესდღეობით, დიდი ტრაქტორები და მასზე ვმუშაობთ შესასყიდად, უფრო მცირე ტექნიკა, მოტობლოკებს ეძახიან, მე მგონი, 2000–ზე მეტს ვყიდულობთ, სოფლებისთვის ეს იქნება ძალიან გამოყენებადი. ვაპირებთ 900–ზე მეტი ტრაქტორისტის გადამზადებას 2–3 თვის განმავლობაში. იმ 400 ტრაქტორს დაემატება კიდევ ძალიან ბევრი ტრაქტორი. გამოფენის სახით თქვენ ნახავდით ტრაქტორებს, როდესაც მოძრაობთ აღმოსავლეთში და დასავლეთში, რომელიც გლეხებს არ ხმარდებოდათ. მათ სახელმწიფო საკუთრებაში აიღეს ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაბრალებენ კომუნისტურ გადმონაშთობას”, – განაცხადა ივანიშვილმა.