პროკურატურის განცხადებიდან 2012 წლის 18 სექტემბერს შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პატიმართა წამება და ვიდეოფირზე ასახვა დაკვეთით, პატიმარ თამაზ თამაზაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
პროკურატურის ინფორმაციით, სინამდვილეში საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე–8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი კადრები ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაში გაიტანა და მათ დემონსტრირებას ევროპელი უფლებადამცველებისა და მედიის წინაშე გეგმავდა:
“მოსალოდნელი პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან დავით ჭაკუასთან ერთად შეიმუშავა სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის თანახმად მე–8 იზოლატორის თანამშრომლებს, კერძოდ კი, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაახლოებულ პირებს ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას, მეტსახელად ბასტის და ბუბუს ციხეში უნდა ეცემათ და ეწამებინათ პატიმრები, ყოველივე ამის ამსახველი კადრები კი, რომელსაც ფარულად ჩაიწერდნენ, საზოგადოებისათვის იმდროინდელი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების “ქართული ოცნების შეკვეთად წარედგინათ”, – განაცხადეს პროკურატურაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ამის შემდეგ დავით ჭაკუამ ამავე დაწესებულების თანამშრომელი ლევან ფურცხვანიძე დაიყოლია, რომელმაც 2012 წლის 18 სექტემბერს, გამთენიისას, მოახერხა ფხალაძის და ფარულავას დანაშაულზე პროვოცირება, ფარულად გადაიღო პატიმართა ცემისა და წამების ფაქტები, საჯაროდ კი განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით, 40 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების ცემა და წამება:
“სწორედ ეს განცხადება და სხვა წინასწარ ფალსიფიცირებული მტკიცებულებები გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 18 სექტემბერს, რის შემდეგაც დააკავეს ფურცხვანიძე, ფხალაძე და ფარულავა. გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა მტკიცებულებათა ნაწილს მოწმეთა ჩვენების სახით უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.