ახალი ამბები

საგანელიძე: პოლიციის დახმარებით მოხდა, რომ პრეზიდენტი და მისი ამალა კურდღლებივით გაიპარნენ

21 დეკემბერი, 2012 •
საგანელიძე: პოლიციის დახმარებით მოხდა, რომ პრეზიდენტი და მისი ამალა კურდღლებივით გაიპარნენ

“პოლიცია რომ უმოქმედო ყოფილიყო, პრეზიდენტი და მისი თანმხლები ამალა აქედან ვერ გავიდოდა. იმიტომ, რომ ხალხს მიაყენეს მათ ის შეურაცხყოფა, რომელსაც ეს ხალხი ნამდვილად არ აპატიებდა. პოლიციის დახმარებით მოხდა, რომ ისინი ქურდულად, აი, ასე კურდღლებივით გაიპარნენ ჯერ მერიის შენობიდან და შემდგომ უკვე პარტიის ოფისიდან. რომ არა ეს პოლიცია, ეგენი, ალბათ, ვერც მოახერხებდნენ მანქანებში ჩასხდომას.

 

დაკავებულია ერთი ადამიანი ქვის სროლაზე, რომელიც, მართალია, არავის არ მოხვედრია, მაგრამ ისროლა ქვა და სისხლის სამართლის საქმეა მასზე აღძრული და კიდევ ხუთი პირი.

 

მაგრამ მე აქვე მინდა დავსვა კითხვა და ეს კადრები ყველამ ნახა, როცა ამის პროვოკატორი და ამის ინსპირაციის ჩამდენი გახლდათ ის ადამიანი, რომელსაც პარლამენტის მანდატი უდევს ჯიბეში. ბატონ აკაკი მინაშვილს მივმართავ, რომელმაც თავის თავს უფლება მისცა, რომ ქუთაისელებს, ქუთაისს ასეთი ლანძღვა-გინებით ესაუბრა და ის უხამსი სიტყვები, რაც ენაზე მოადგა, ქუთაისელებს და ქუთაისს ეძახა. რატომ ელოდებოდა, რომ ტაშით გააცილებდნენ? და ვინ მისცა მას უფლება, რომ ქუთაისელებს ასე ესაუბროს და გინებით მოიხსენიოს?

 

ეს იყო მასზე პასუხი. მე აქვე მოვითხოვ, რომ როგორც ის ადამიანები უნდა დაისაჯონ, თუ კანონზე და წესრიგზეა საუბარი, ისევე უნდა დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ეს გამოიწვია.”

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექვსი პირი დააკავა ხულიგნობის ბრალდებით ქუთაისში მომხდარი ინციდენტის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა 19 დეკემბერს, ქალაქში პრეზიდენტის ვიზიტის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი