“ამ პროექტში არის დებულებები, რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით, მაგრამ არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რასაც ასევე პრინციპულად არ ვეთანხმებით იმიტომ, რომ მე პირადად მიმაჩნია და ჩვენს სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ დებულებების კანონის სახით მიღება იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და სასამართლოს ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობაში ჩარევა. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ამ სახით არ უნდა იყოს მიღებული. ამ საკითხს ეხება ასევე ვენეციის დასკვნის აუცილებლობაც, იმიტომ, რომ ასეთი პრინციპული განსხვავებაა ჩვენსა და იგივე იუსტიციის სამინისტროს შორის და, ბუნებრივია, რომ ჩვენ გვსურს, რომ სხვაგვარად იქნას მიღებული ეს ნორმები”, – განაცხადა კუბლაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებას, კუბლაშვილის თქმით, ეს პრეზიდენტის უფლებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის:
“რა შეეხება პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებას უფლებას, ეს არის მისი დისკრეცია, პრეზიდენტის დისკრეცია და აბსოლუტურად ვერავინ ვერ შეცვლის მის გადაწყვეტილებას, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მე, ბუნებრივია, არ მაქვს უფლება ჩავერიო იმაში, რას გააკეთებს პრეზიდენტი ამ კანონთან დაკავშირებით”, – განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ცვლილებების შედეგად იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცევა:
“საუბარია იმაზე, რომ რომც მოინდომონ მათ წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ”, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, თუ კანონპროექტი დღევანდელი სახით დარჩება, ის პრეზიდენტის უფლებას გამოიყენებს და კანონპროექტს ვეტოს დაადებს.