ახალი ამბები

ივანიშვილი: მინისტრამდე შეიძლება და პრეზიდენტის შეხება არ შეიძლება?

21 დეკემბერი, 2012 • 1043
ივანიშვილი: მინისტრამდე შეიძლება და პრეზიდენტის შეხება არ შეიძლება?

პრემიერ-მინისტრი სვამს კითხვას – თუ პრეზიდენტის დავალებებს ასრულებდნენ მინისტრები და საჯარო მოხელეები, რომლებიც უკანონობებს ჩადიოდნენ, ვინ უნდა დაისაჯოს ამ შემთხვევაში?

 

“სად უნდა გავჩერდეთ, სად დავაწესოთ ბარიერი? როგორი ბარიერი დავაწესოთ? ვის არ შევეხოთ? მინისტრამდე შეიძლება და პრეზიდენტის შეხება არ შეიძლება? თუ პრეზიდენტი იყო იდეოლოგი (სიტყვა “თუ”-ს ვხმარობ), მისგან მოდიოდა ეს ყველაფერი და დაბლა რგოლები ასრულებდნენ, ეს რგოლები დავსაჯოთ და ძირითად იდეოლოგებს არ შევეხოთ?”

 

ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში გამოსავლად მიიჩნევს იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მუშაობს:

 

“გამოსავალი აქ არის და სხვა გზას ვერ ვხედავ: ჩვენი მხრიდან უსუფაშვილი მუშაობს, რაღაც ამნისტიის მსგავსი ახლავე შევქმნათ, რომ საჯარო მოხელეებისთვის (არა მინისტრის და არა პარლამენტარის დონეზე), რომლებმაც გადააჭარბეს უფლებამოსილებას, მოიძებნოს კანონიერი გზა, რომ წინასწარ ვაპატიოთ, ეს ვითარება ჩაცხრეს და მათაც დაკარგონ შიში და ნორმალურად იმუშაონ.

 

ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და მათი უმრავლესობა, ვინც თავისი თანმდებობა ბოროტად გამოიყენა, ამ სისტემის მსხვერპლია და ეს გზა ლოგიკურად მიმაჩნია.”

 

ივანიშვილი იქვე აკონკრეტებს, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეეხება. თუმცა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის ქვემდებარეა სამოხელეო დანაშაულები, როგორიცაა: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი გულგრილობა და ა.შ.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ხშირ შემთხვევაში სწორედ ზემოთ აღნიშნული დანაშაულებისთვისაა წაყენებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი