ახალი ამბები

ივანიშვილი გვარამიას საქმეზე: არ გამოვრიცხავ, რაიმე შეცდომაც იყოს

21 დეკემბერი, 2012 • 1169
ივანიშვილი გვარამიას საქმეზე: არ გამოვრიცხავ, რაიმე შეცდომაც იყოს

“გვარამიას შემთხვევაში შემიძლია, ჩემი, როგორც მოქალაქის, თუ გნებავთ, როგორც პოლიტიკოსისაც, პოზიცია დავაფიქსირო, რომ იმ აჟიოტაჟის პირობებში, რის გამოწვევასაც ესენი მაინც ახერხებენ, უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ აეყვანათ და კარგი იქნება, რომ სასამართლომ გაათავისუფლოს. ამის ფორმები ხომ არსებობს?! მაგრამ კბილაშვილმაც და წულუკიანმაც კარგად იციან, რომ პრინციპულად ვიცავ სუბორდინაციას და არ ჩევერევი”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არ შეუსწავლია ნიკა გვარამიასა და მასთან დაკავშირებულ სხვა პირთა საქმე, თუმცა აცხადებს, რომ ენდობა მის მიერ წარდგენილ მთავარ პროკურორსა და მინისტრებს:

 

“ცხადია, არ გამოვრიცხავ, რაიმე შეცდომაც იყოს, მაგრამ თუ შეცდომაა, ეს გამომჟღავნდება და სისტემა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვისაც შეცდომა მოუვიდა, ის დაისაჯოს. მაგრამ გარწმუნებთ, რომ დაკვეთა არც ერთ შემთხვევაში არ მოდის ჩემგან და არ მოდის პოლიტიკიდან”.

 

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება არ უკავშირდება “რუსთავი 2”-ში მის გენერალურ დირექტორობას:

 

“გვარამია ორი კვირაა, რაც ტელევიზიის დირექტორია და ამ ხნის განმავლობაში ნორმალური მენეჯერი ვითარებაში გარკვევას ვერ მოახერხებდა. თანაც, “რუსთავი 2”-ს ვინ რის თქმას უკრძალავს? ეს თქვეს ამერიკისა და ევროპისთვის, რომ, აი, თავისუფალ ტელევიზიას ესხმიან თავს… ჯერ როგორი თავისუფალი ტელევიზიაა “რუსთავი 2″ და ამასთან დაკავშირებით რამდენი კითხვაა, ხომ კარგად ვიცით? ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ ეს სააკაშვილის ტელევიზიაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი