საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა გვარამიასა და ხეთაგურის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების მასალები, მათ შორის საბანკო გადარიცხვის დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება შპს “ელენდეფ სერვის” მიერ ენერგოკომპანიებისგან 1.5 მილიონზე მეტი მიღების ფაქტი.
გასაჯაროებულ საგამოძიებო მასალებს შორისაა საბანკო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 27 აგვისტოს “ელენდეფ სერვისმა” საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ “ინტერ რაო”–ს კუთვნილი კომპანია “ხრამჰესი 1″–სგან მიიღო მიიღო 742 ათას 905 და 74 ათას 200 ლარი. ამავე დღეს “ელენდეფ სერვისმა” კიდევ ერთი კომპანია “ხრამჰესი 2″–სგან მიიღო ასევე 74 200 ლარი, ხოლო “მტკვარი ენერგეტიკისგან” -148 ათას 401 და 445 ათას 203 ლარი.
შპს “ელენდეფ სერვისმა” “ინტერ რაოს” კუთვნილი კომპანიებისგან საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ 2012 წლის 6 ნოემბერსაც მიიღო ფული, მათ შორის, “მტკვარი ენერგეტიკისგან” 27 ათას 954 და 83 ლარი 864 ლარი, “ხრამჰესი 1″–სგან 13 ათას 977 ლარი. იგივე თანხა გადაირიცხა კომპანია “ხრამჰესი 2″–სგან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან: ენერგეტიკის და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენპროკურორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 და თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს “ელენდეფ სერვისის” დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და ერთ–ერთი აუდიტორული კომპანიის დამფუძნებელი იზაბელა გუტიძე.
გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა შეიმუშავეს კორუფციული სქემა, რომლის მიხედვითაც, ენერგოკომპანიებმა საგადასახადო შეთანხმების სანაცვლოდ 1 მილიონ ლარზე მეტი ქრთამი მისცეს ენერგეტიკის მინისტრს ფიქტიური მიზნებისთვის შექმნილი კომპანია “ელენდეფ სერვისის” საშუალებით, მოლაპარაკებებში შუამავალი კი ნიკა გვარამია იყო.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.