ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალელებს აფხაზეთის ბინადრობის მოწმობებს მისცემენ

31 მარტი, 2017 • 2572
გალელებს აფხაზეთის ბინადრობის მოწმობებს მისცემენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, აფხაზეთის ბინადრობის მოწმობების დოკუმენტების ბლანკები და მათი გაცემის წესი დაამტკიცეს. 

ბინადრობის მოწმობები “აფხაზეთის რესპუბლიკაში მუდმივი ცხოვრებისა და ქვეყნიდან თავისუფალი გადაადგილების უფლებით” გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან პირებზე მოქალაქეობის გარეშე. 

ოფიციალური ინფორმაციითვე, პროექტით გათვალისწინებულია მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან, რათა აღნიშნული დოკუმენტის მფლობელებს უფლება მისცენ აფხაზურ-რუსული საზღვარი გადაკვეთონ.

“სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არ არის აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი. საბოლოოდ, აფხაზეთში გადაიჭრება სტატუსტთან დაკავშირებული პრობლემა. რამდენიმე თვეში ქვეყანაში აღარ დარჩება არაპასპორტიზირებული ადამიანები. გალის მცხოვრებლებისთვის აღნიშნული დოკუმენტების გაცემით, ჩვენ ადამიანებს საშუალებას მივცემთ მშვიდად იშრომონ იმ მიწაზე, რომელზეც ცხოვრობენ “, – ამბობს ასლან კობახია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.

დოკუმენტის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.

გალის რაიონის მცხოვრებთა პასპორტები უკანონოდ იყო ცნობილი, შესაბამისად, ისინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გამართულ არჩევნებშიც ვერ მონაწილეობენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2016 წლის ბოლოს  მიიღო კანონში ცვლილება, რომელიც გალის რაიონის მცხოვრებთა სამართლებრივ სტატუსს დაარეგულირებს.

“ამჟამად ბინადრობის მოწმობა გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც ქორწინებაში იმყოფება აფხაზეთის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, რომელიც დაიბადა აფხაზეთში და მუდმივად ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე 1999 წლის 12 ოქტომბრიდან, სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ. აღნიშნული ცვლილება კი ითვალისწინებს მესამე საფუძველს – გალის რაიონის მცხოვრებთათვის”, – აცხადებდა მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში დიმიტრი შამბა.

აღნიშნულ საკითხზე აფხაზეთში პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის უთანხმოება არსებობდა. ისინი შიშობენ, რომ ბინადრობის მოწმობა აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების საფუძველი გახდება, თუმცა ცვლილება უმრავლესობით მაინც მიიღეს. ცვლილების მიხედვით, ბინადრობის მოწმობა ხუთ წელში ერთხელ განახლდება.

აფხაზეთის ბინადრობის მოწმობის ბლანკი; photo: sputnik

აფხაზეთის ბინადრობის მოწმობის ბლანკი; photo: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი