ახალი ამბები

ტელეფონები ისევ ისმინება

20 დეკემბერი, 2012 •
ტელეფონები ისევ ისმინება

უფლებადამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებას უარყოფითად აფასებს:

„ეს არის იგივე მეთოდებით მუშაობა, როგორც მუშაობდა წინა ხელისუფლება. ჩვენ რადიკალურ ცვლილებებს მოველით და არა წინა ხელისუფლების მსგავს მეთოდებსა და საშუალებებს. მგონი, ეს ძალიან თვალშისაცემი და ძალიან სამწუხაროა. ძალიან ვწუხვარ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც კეთდება ფარული ჩანაწერები. მერე რა, რომ სასამართლოს განკარგულებით მოხდა? ამას მნიშვნელობა არა აქვს“, – განუცხადა ლია მუხაშავრიამ “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, ახალ ხელისუფლებას უნდა გაენადგურებინა ის აპარატურა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ უსმენდა მოქალაქეებს.

„ეს ჩანაწერები ადასტურებს, რომ ეს ამბავი არ დამთავრებულა. თან, თუ ეს ჩანაწერები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გააკეთა, გამოდის, რომ ეს უწყებები ამ ნიადაგზე ერთმანეთთან თანამშრომლობენ, თან ძალიან წარმატებითაც“, – მიიჩნევს ლია მუხაშავრია.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ათასობით მოქალაქეს უკანონოდ უსმენდა, რაც მომავალში არ გაგრძელდებოდა. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა უკანონო მოსმენებისთვის შსს–ს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც დეტალურად საუბრობდნენ უკანონო მოსმენის პრაქტიკაზე.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს, 20 დეკემბერს, გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას. ფარული ჩანაწერების ნაწილში ვანო მერაბიშვილი ესაუბრება ამჟამად დაკავებულ ნიკა გვარამიას უცხოური იურიდიული კომპანიის დაქირავებაზე, ასევე, კახა დამენიას.

“ვერ გავიგე, რატომ გამოქვეყნდა ჩემი ჩანაწერი? ჩემი ჩანაწერი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ვერსიას, რომელიც გამოქვეყნდა. ჩემი საუბარი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გამოაქვეყნეს, ამით გვითხრეს, რომ ჩვენ გაკონტროლებთ, გისმენთ და მათ უნდათ ჩვენი დაშინება. მინდა მათ ვუთხრა, რომ წლების განმავლობაში ჩემი არაერთი სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, როცა მე ვიმყოფებოდი რუსეთში. შეჩვეული ვარ, რომ ტელეფონში სერიოზულ თემებზე არ ვისაუბრო. აქედან გამომდინარე, მე აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე და რასაც ჩუმად ჩემს მეგობრებთან ვლაპარაკობ, ცოტა ხანში ამას პრესკონფერენციაზე ვაცხადებ. არაფერი არ მაქვს დამალული. არ მეშინია, მათ შეუძლიათ თავისუფლად მომისმინონ. ეს იყო დეკლარირება იმისი, რომ ჩვენ გვისმენენ”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

კადრი ფილმიდან სხვების ცხოვრება
კადრი ფილმიდან სხვების ცხოვრება

 

“ნეტგაზეთმა” ფარული სატელეფონო ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ გამოქვეყნების შეფასება თხოვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ყოფილ ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდნენ უკანონო სატელეფონო მოსმენების გამო.

“მე ვფიქრობ, აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს აქ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამ ჩანაწერების გაკეთების კანონიერებას. დანარჩენი, რა იურიდიული ფასი აქვს და რა დამარწმუნებელი, ამას სასამართლო გადაწყვეტს. ამ ჩანაწერით ალბათ საზოგადოება მიხვდება, რომ რაღაც იურიდიული ფირმა არსებობდა, ხოლო ის კანონიერი იყო თუ უკანონო, ამას ჩანაწერით ვერ მივხვდებით”, – განუცხადა “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით: “იმ დროს ხდებოდა უკანონო მოსმენა. გვარამიას მიერ გადაღებულ ფილმში 2007 წელს რუსეთის აგენტად გამომაცხადეს, იქ იყო გამოყენებული ფარული სატელეფონო საუბარი, მე ვიყავი იმ დროს პარლამენტარი, კომიტეტის თავმჯდომარე. იმ დროს არ წარმოუდგენიათ დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ეს ჩანაწერი კანონიერად მოიპოვეს. საქმეც ამაშია. ჩვენ ვაკრიტიკებდით უკანონო მოსმენებს, კანონიერი მოსმენები კი აშშ–შიც ხდება, ევროპაში და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში”.

ფარული სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება ხომ არ ნიშნავს, რომ მსგავს რამეს სამომავლოდაც უნდა ველოდოთ?

პარლამენტის ვიცე–სპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ამბობს, რომ თვალთვალი, მოსმენა და მიყურადებაც, ეს ყველაფერი ოპერატიული ღონისძიებებია, რომელსაც კანონი არეგულირებს. კობახიძის თქმით, ეს ქმედებები კანონის ჩარჩოებში ლეგიტიმურად, სასამართლო ნებართვით უნდა იყოს განხორციელებული.

“ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება, სხვანაირად სახელმწიფო ვერ იარსებებს. თუ არის ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები [მოსმენა] მოსამართლის ბრძანებით განხორციელდება. თუ ეს იქნება დაცული, რა თქმა უნდა, პრეტენზიები აღარ უნდა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ეს წესია, ოპერატიული ღონისძიებაა, რომლის გარეშეც უბრალოდ სახელმწიფო ვერ იარსებებს, ოღონდ კანონი უნდა იყოს დაცული”, – განუცხადა მანანა კობახიძემ “ნეტგაზეთს”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, მას პირადად ფარული სატელეფონო მოსმენა არ ხიბლავს, თუმცა, კანონით მსგავსი რამ მოსამართლის ნებართვით დაშვებულია.

ლევან ბერძენიშვილი მათ, ვისაც კანონში აღნიშნული ჩანაწერი არ მოსწონთ, პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართვას სთავაზობს, რომლითაც სატელეფონო მოსმენა საერთოდ აიკრძალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერმა მოსამართლემ ეკა არეშიძემ დღეს განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ ფარულ სატელეფონო მოსმენასთან დაკავშირებით გაცემულ ნებართვებში მოხსენიებული არ ყოფილან ვანო მერაბიშვილი და ნიკა გვარამია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინვე გამოაქვეყნა ვებგვერდზე სასამართლო ნებართვები, რომელიც ნებას რთავდა საგამოძიებო უწყებას, მოესმინა კახა დამენიასა და გიორგი ნემსიწვერიძის საუბრები მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 13 იანვრამდე. მერაბიშვილის და გვარამიას სატელეფონო მოსმენებისთვის სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი