მიკროავტობუსების მიერ საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევები – კვლევის შედეგები

საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მუშაობაში სხვადახვა დარღვევა აღმოაჩინა CRRC საქართველოს და ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” მიერ მომზადებულ ერთობლივმა კვლევამ. მათ სოციალური ექსპერიმენტიც ჩაატარეს, რამაც აჩვენა, რომ მონიტორინგის დაწყება მძღოლების ქცევას აუმჯობესებს.

კვლევის პრეზენტაცია დღეს, 30 მარტს, თბილისში გაიმართა და მას არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, დაესწრნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც. მკვლევარების დაკვირვების საგანი ქალაქებს შორის მგზავრთა გადამყვანი საშუალებები, ძირითად შემთხვევაში, სამარშუტო ტაქსები იყო.

2016 წელს, ოფიციალური ინფორმაციით, მოხდა 6,939 ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც 602 ადამიანი დაიღუპა და 9,951 დაშავდა. ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით, კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი ევროკავშირის 2015 წლის საშუალო მონაცემს სამჯერ აღემატება.

CRRC-მ კვლევის მიზნებისთის, 2016 წლის აგვისტოში, გარდა ავტოსადგურების ადმინისტრაციასთან და გადამზიდავებთან სიღრმისეული ინტერვიუების, ასევე მგზავრებთან ფოკუსჯგუფების ჩატარებისა, ე.წ. სოციალური ექსპერიმენტი განახორციელა.

“მიკროავტობუსებს უდავოდ შეაქვთ წვლილი საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ მაჩვენებელში,”- ვკითხულობთ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც, სწორედ ამ საქალაქთაშორისო სამარშუტო ტაქსებზე სოციალური ექსპერტიმენტი ჩაატარეს.

ჯამში, 2016 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში, CRRC-საქართველოს ინტერვიუერები სამარშრუტო ტაქსების 360 მგზავრობას დააკვირდნენ.

სოციალური ექსპერიმენტი

ექსპერიმენტის ფარგლებში სამარშრუტო ტაქსებზე დაკვირვება სამ ეტაპად მიმდინარეობდა.

  • პირველ ეტაპზე, შემთხვევითი წესით შერჩეული სამარშრუტო ტაქსების  მგზავრობას ინტერვიუერები ისე დააკვირდნენ, რომ მძღოლს ამის შესახებ არაფერი უთხრეს. დაკვირვების ეს ეტაპი კვლევის საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა;
  • მეორე ეტაპზე, ინტერვიუერები შემთხვევითი წესით ექსპერიმენტულ ჯგუფში განაწილებულ მარშრუტებს დააკვირდნენ, რომელთა მძღოლებსაც უთხრეს, რომ აკვირდებოდნენ, თუ რამდენაც იცავდნენ მოძრაობის წესებს. ასევე უთხრეს, რომ თუკი ისინი ყველაზე უსაფრთხო მძღოლებს შორის აღმოჩნდებოდნენ, საჩუქრად ბენზინის ვაუჩერს მიიღებდნენ;
  • მესამე ეტაპზე ინტერვიუერები კვლავ დაბრუნდნენ საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში განაწილებულ სამარშრუტო ტაქსებთან და მათ ანონიმურად დააკვირდნენ.

ამ კვლევის თანახმად, მძღოლების 96%, რომლებსაც ანონიმურად აკვირდებოდნენ, სახიფათო მართვის რომელიმე ფორმას მიმართავდნენ:

 

როგორც კვლევაშია ნათქვამი,  საერთო ჯამში, დაკვირვების ობიექტი მძღოლების 96% სახიფათო მართვის რომელიმე ფორმას ეწევა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი,  საერთო ჯამში, დაკვირვების ობიექტი მძღოლების 96% სახიფათო მართვის რომელიმე ფორმას ეწევა.

იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლებმა იცოდნენ, რომ მათ აკვირდებოდნენ, სახიფათო ქცევა ჯამში 58%-ით შემცირდა.

CRRC-ის კვლევა

CRRC-ის კვლევა

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი ბაბუნაშვილი გვეუბნება, მონიტორინგის დროს მძღოლების ქცევის ასეთი გამოსწორება შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს გზებზე გადარჩენილ სიცოცხლეებთან.

“მძღოლები, რომლებმაც იცოდნენ, რომ მონიტორი აკვირდებოდათ, ისინი უფრო ნაკლებად საუბრობდნენ მობილურ ტელეფონზე, ნაკლებად იყენებდნენ ტექსტურ შეტყობინებებს, ნაკლებად ახდნებდნენ აგრესორულ მანევრირებას და ნაკლებად გადაკვეთდნენ ღერძულა ხაზს. ეს პარამეტრები, რომლებიც პირდაპირ არის კავშირში უსაფრთხოებასთან, ჩვენმა მონიტორინგმა შეამცირა. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს მონიტორინგი პირდაპირ შეიძლება იყოს კავშირში გადარჩენილ სიცოცხლეებთან,”- ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

დერეგულირებული სფერო

როგორც კვლევაში არის ნათქვამი, საგზაო ტრანსპორტით ქვეყნის შიდა გადაყვანები პრაქტიკულად დაურეგულირებელია და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე ზრუნვა მხოლოდ კონკრეტული კოპმანიების და ინდივიდუალური მეწარმეების პირად სურვილზე არის დამოკიდებული.

კვლევის თანახმად, ეს მოხდა იმიტომ, რომ საქართველოში ბოლო ათწლეულში გატარებული ცვლილებებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სფეროს დერეგულირება მოხდა და ძირითადი ყურადღება იყო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე, რომელიც, უმთავრესად ქვეყნის გარეთ მგზავრთა გადაყვანას არეგულირებს.

კვლევის თანახმად, ხშირ შემთხვევაში მგზავრები გაუმართავი მიკროავტობუსით გადაჰყავდათ:

  • მიკროავტობუსების 17%-ს ჰქონდა ერთი ჩამტვრეული ფანჯარა მაინც;
  • მიკროავტობუსების 22%-ში იყო დამატებითი, დაუფიქსირებელი (,,ჩადგმული“) სკამები;
  • წინასარეისო შემოწმებები არ არის სავალდებულო და თითქმის არ გვხვდება;

ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, უნდა ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის რეგლამენტირების და მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი.

კვლევის თანახმად, მიკროავტობუსებში გვხვდებიან ფეხზე დამდგარი მგზავრები, რომლებიც, სრულიად დაუცველები არიან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს:

  • მიკროავტობუსების 8.5%-ს გადაყავდა ფეხზე მდგომი მგზავრები;
  • მათი რაოდენობა იზრდება დღესასწაულების დროს;
  • ჯარიმა 300 ლარი ხშირად არ გამოიყენება;

კვლევის ავტორების რეკომენდაციაა, რომ გამკაცრდეს მონიტორინგი და აღსრულება განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი მგზავრის გადაყვანაზე.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, როემლსაც კვლევა შეეხო, ეხება გადაღლილ მძღოლებს და სიჩქარის გადაჭარბებას:

  • ხშირია სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები;
  • მგზავრების ნაწილი გადაჭარბებულ სიჩქარეს არ აღიქვამს პრობლემად;
  • სიჩქარის გადაჭარბების მთავარი მიზეზია კონკურენცია სხვადასხვა სადგურებიდან გამსვლელ მძღოლებს და დაურეგისტრირებელ გადამზიდავებს შორის და სიჩქარის არაეფექტური მონიტორინგი გზებზე;
  • მძღოლების სამუშაო საათები არარეგლამენტირებულია;

შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, გოგიტა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულირების საკითხი მათთვის “მნიშვნელოვანი გამოწვევაა” და მუშაობენ კანონპრპექტზე. როგორც გვენეტაძემ განაცხადა, ამ სფეროში რეგულირების დაწყება იგეგმება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი