ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ დღეს, 19 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ბათუმს ტრანსფერების გამოყოფაზე უარი განუცხადა, „რის შედეგადაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის გაკეთებაც მომავალი წლისთვის იყო დაგეგმილი, აღარ განხორციელდება“ – აცხადებს ბათუმის მერი.
ამ პროექტებიდან ერთ-ერთია დროებითი თავშეფასაფრის პროექტი, რომელიც ურეკის ყოფილი ბავშვთა სახლის ბაზაზე უნდა გახსნილიყო. მერის განცხადებით, შეჩერდება ორი სოციალური სახლის მშენებლობაც, ქალაქის ნაწილში სანიაღვრე სისტემების და ჟილინის არხის კაპიტალური რეაბილიტაცია. ახალი ბიუჯეტის ფარგლებში განახევრდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა და შეჩერდა ქალაქისთვის მუნიციპალური ავტობუსების შეძენა.
„დასახელებული პროექტებზე უნდა დასაქმებულიყო ჩვენი ქალაქის 5 000 მკვიდრი, რაც დაახლოებით 2 000 მოქალაქის კეთილდღეობაზე იასახებოდა“ – აცხადებს ჯემალ ანანიძე. იგი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტების აუცილებლობაში ცენტრალური ხელისუფლების დარწმუნება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ხელისუფლებას ბიუჯეტის პროექტი არ განუხილავს: „არსებობს მოსაზრება, რომ რადგან თვითმმართველობას ყოფილი სახელისუფლებო გუნდი მართავს, ამ პირობებში არ მოხდება თვითმმართველობების ბიუჯეტის ზრდა“ – აცხადებს ანანიძე.
ბათუმის ბიუჯეტი 2012 წელს 202 მილიონ ლარს შეადგენდა, მომავალი წლისთვის კი ქალაქის ბიუჯეტი 87 მილიონი ლარით განისაზღვრება.
„ბათუმისთვის გამოყოფილია დამატებითი ტრანსფერი 44,5 მილიონი ლარის ოდენობით, სპეციალური ტრანსფერის გამოყოფა აღარ მოხდება, არა მარტო ბათუმისთვის, არამედ არც ერთი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან აღარ მოხდეს თანხების ხარჯვა რაღაც ფუფუნებისთვის. რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, თუკი დაასაბუთებენ ამის საჭიროებას, ამისთვის თანხებს რეგიონალური განვითარების ფონდისგან მიიღებენ“ – განაცხადა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა „ბათუმელებთან”.
2012 წელს ბათუმმა საქართველოს ბიუჯეტიდან 155 მილიონი ლარი მიიღო ტრანსფერების სახით.