პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა აღნიშნულის მიზეზად მოწმეთა ვერმოყვანა დაასახელა. მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და მესაზღვრეების დაკითხვა ჩატაევის საქმეზე გამოძების ინტერესებს ამ ეტაპზე ეწინააღმდეგება. როგორც გოზალიშვილმა განაცხადა, პროკურატურა მოწმეთა წარმოდგენას მას შემდეგ შეძლებს, რაც ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება დასრულდება.
საქმის განხილვა 2013 წლის 11 იანვრისთვის გადაიდო.
ჩატაევი დააკავეს 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა.
ჩატაევს ბრალი წაყენებული აქვს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას.
ახმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.