ახალი ამბები

ოქრუაშვილის საქმეზე შსს–ს თანამშრომლები დაიკითხნენ

19 დეკემბერი, 2012 • • 1330
ოქრუაშვილის საქმეზე შსს–ს თანამშრომლები დაიკითხნენ

პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეები შსს–ს საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამმართველოს თანამშრომლები არიან. ბრალდებულთა ადვოკატების კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, ექსპერტიზის დროს იარაღი იყო თუ არა ნესტიანი ან ტალახიანი. მოწმეების ნაწილმა განაცხადა, რომ არ ახსოვთ, ნაწილმა თქვა, რომ პროკურატურის მიერ მიწიდან ამოღებული იარაღი არც სველი იყო და არც ტალახიანი. 

 

მოწმეების განცხადებით, იარაღი, რომელიც პროკურატურის ცნობით ბრალდებულებს ჰქონდათ მიწაში დაფლული, ჩაწყობილი იყო პოლიეთილენის პარკებსა და ჰერმეტულად დახურულ ყუთებში. გარდა ამისა, ცეცხლსასროლი იარაღის, მჭიდებისა და ვაზნების ნაწილი სხვადასხვა მოდელის იყო და ერთმანეთთან შეუთავსებელი.

 

განსასჯელთა ერთ–ერთმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მოწმეთა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ

ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

მტკიცებულებათა გამოკვლევა სასამართლოში ამ საქმეზე სულ უფრო სასაცილო ხდება. 

 

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ არ დააკმაყოფილა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადება, რომელმაც პროცესზე კვლავ დაშვების უფლება მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ლალი აფციაური პროკურორების შეურაცხყოფისთვის სასამართლო დარბაზიდან გააძევა და 500–ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

მოსამართლემ ამჯერად თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ადვოკატი აფციაური განცხადებაში საკუთარ საქციელს მოწონებით იხსენებს, რის გამოც სასამართლოზე არ დაუშვებს.

 

ირაკლი ოქრუაშვილისა და სხვების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 დეკემბერს კვლავ მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

 

ბრალდების მიხედვით, ირაკლი ოქრუაშვილმა 2011 წელს, გაზაფხულზე, დაუდგენელ დროს შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება და მასში გააწევრიანა მისი თანამოაზრები, ასევე, გამოძიებით დაუდგენელი პირები. პროკურატურის ვერსიით, ირაკლი ოქრუაშვილი 2011 წლის მაისში 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შემოსულიყო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, სადაც მას უნდა დახვედროდა 20 ქართველისგან შემდგარი შეიარაღებული ჯგუფი, რომლებსაც ერთად უნდა განეიარაღებინათ ქართული პოლიციის საგუშაგოები და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაზე თავდასხმა მოეწყოთ. ირაკლი ოქრუაშვილი და მისი თანამებრძოლები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი