გაეროს უშიშროების საბჭოზე უკრაინამ აფხაზეთსა და ოსეთში რუსეთის ქმედებების საკითხი დააყენა

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე უკრაინამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის, ასევე, აფხაზეთში გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შესახებ საკითხი დააყენა.

კომენტარებს, რომელიც დახურული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, ამერიკის ხმა ავრცელებს. 

უკრაინის ელჩის, ვოლოდიმირ იელჩენკოს განცხადებით: „მანამ, ვიდრე უკრაინა უშიშროების საბჭოს წევრია, ასევე, მას შემდეგაც, ამ თემის ჩაკვლა ვერ მოხდება.“

„ზოგი ფიქრობს, რომ ეს გაყინული კონფლიქტია, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ეს გვინახავს ყირიმის მაგალითზე. რუსეთის ფედერაციის ძალების სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებებში ინტეგრაცია და გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ართულებს ადამიანის უფლებების დაცვას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ეს ნაბიჯები, ჩვენი აზრით, მოითხოვს უშიშროების საბჭოს ყურადღებას. ჩვენ მოხარული ვართ და მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს. უშიშროების საბჭოს ნახევარზე მეტმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა და ყველა დელეგაცია, ერთის გარდა, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ინიციატივა იყო, გაგვეკეთებინა განცხადება პრესისთვის, თუმცა ეს ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ იქნა დაბლოკილი“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა გაეროში, იელჩენკომ.

ამერიკის ხმის ცნობითვე, სხდომის დასრულების შემდეგ პრესასთან განცხადება გააკეთა ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა. გაეროში ბრიტანეთის ელჩის, მეთიუ რაიკროფტის თქმით, ბრიტანეთი და უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობა შეშფოთებულია რუსეთის ქმედებებით ოკუპირებულ რეგიონებში:

„მე გამოვხატე ჩვენი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ აფხაზეთიდან და აფხაზეთში, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს. ჩვენ არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 12 მარტს აფხაზეთში ჩატარდა. ამასთანავე, არ ვცნობთ სამხრეთ ოსეთში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს სახელის შეცვლაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას“.

ამ საკითხს  რუსული მედიაც გამოეხმაურა. კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო tass წერს, რომ უკრაინამ ეს თემები “საქართველოს მითითებით წამოწია”.

გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსული მხარის წარმომადგენელი პეტრე ილიჩევი  კი ამბობს, რომ უშიშროების საბჭოში მსგავსი თემის წამოწევა “ზიანს აყენებს ჟენევის დისკუსიებს”.

“თუ საქართველო და მისი მფარველები ნიუ იორკში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ ამ საკითხებს, ჟენევის დისკუსიები შეიძლება საერთოდ დაიხუროს”.

 

 

გაეროს უშიშროების საბჭო; ფოტო: AFP

გაეროს უშიშროების საბჭო; ფოტო: AFP

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი