ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

MFA: გადასავლელი პუნქტების დახურვა აფხაზეთის იზოლირებას ემსახურება

5 მარტი, 2017 • 2323
MFA: გადასავლელი პუნქტების დახურვა აფხაზეთის იზოლირებას ემსახურება

საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს ეხმიანება. უწყება მომხდარს გმობს და მიიჩნევს, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას.

“საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით – მოწყვლადი ჯგუფების: მოხუცების, ავადმყოფებისა და სკოლის მოსწავლეების ყოფას, რაც ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, აშშ-ის, ლიტვის, იაპონიის მკაფიო მოწოდებებისა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა სოხუმში, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს დესტრუქციული პოლიტიკა და ხელი შეუშალოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, 2016 წლის განმავლობაში “საოკუპციო რეჟიმის” ასევეწარმომადგენლებმა დახურეს თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, ხოლო 2017 წლის 5 მარტს გააუქმეს კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ადგილზე ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების საკითხს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას, ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე.​

მასალების გადაბეჭდვის წესი