ახალი ამბები

დვალი და აქიმიძე: R2-ის თანამშრომლების გამოყენებით დანაშაულების გათეთრებას ცდილობენ

28 მარტი, 2017 • 14229
დვალი და აქიმიძე: R2-ის თანამშრომლების გამოყენებით დანაშაულების გათეთრებას ცდილობენ

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლების სახელზე მიმართვას ავრცელებენ. მათი განცხადებით, აშკარაა ნაძარცვი ქონების გადანაწილებისა და თანამშროლების გამოყენებით დანაშაულებრივი ქმედებების გათეთრების მცდელობა.

დვალისა და აქიმიძის განცხადებით, დანაშაულის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება, ვინაიდან საქმე რეზონანსულია და ყველას კარგად მოეხსენება, რომ 2004 წელს რუსთავი 2-ის 60% ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა დამფუძნებლებს.

“დღეისათვის არსებული მდგომარეობით, არც ერთ ძირითად მოთამაშეს (მთავრობა, ნაც. მოძრაობის ორი ფრთა) არ სურს გავლენიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევზიიის არსებობა. ამ ამოცანის გადაწყვეტაში მათ ერთი საერთო ამოცანა აქვთ – მოახდინონ ნიველირება და იგნორირება იმ ფაქტისა, რომ 2004 წელს მოხდა დანაშაული, ვინაიდან ამ ფაქტის აღიარების შემთხვევაში, ვერავინ გვერდს ვერ აუვლის დამფუძნებლების კანონიერ მოთხოვნას -დაუბრუნდეთ წართმეული ტელევიზია,” – აცხადებენ რუსთავი 2-ის დამფუძნებლები.

მათი განცხადებით, ეს უდიდეს პრობლემას უქმნის ყოფილ და ამჟამინდელ ხელიფლებასაც: “ნაციონალურ მოძრაობას, როგორც დანაშაულის ჩამდენს, ხოლო ქართულ ოცნებას, როგორც დანაშაულზე რეაგირების სურვილის არმქონეს და შესაბამისად, თანამონაწილეს. ეს უკანასკნელი გარემოება აშკარად იკვეთება თუნდაც იმ ფაქტით, რომ ოცნების მთავრობა უკვე მე-5 წელია არ რეაგირებს ჩვენ მიერ პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე.”

დვალი და აქიმიძე მიიჩნევენ, რომ სასამართლო დავის სტარსბურგში გადანაცვლებამ, რომლის დასრულებასაც, წესით, მხარეები მოთმინებით უნდა დალოდებოდნენ, როგორც უზენაეს გადაწყვეტილებას, გამოიწვია სრულიად საპირისპირო რექაცია – “მცდელობა კულუარული გარიგებებით და ღია დაპირისპირებით შეცვალონ სტატუს კვო.”

რუსთავი 2-ის დამფუძნებლების განცხადებით, სტრასბურგი მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის და დავის ნებისმიერი შედეგით დასრულება მათთვის წამგებიანი იქნება:

“ქიბარ ხალვაშის მხარის წაგება სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებს ქართულ მართლმსაჯულებას და ზოგადად, ქვეყნის იმიჯს. პარადოქსია, რომ ხელისუფლებას არც პროცესის მოგება აძლევს ხელს, ვინაიდან ქიბარ ხალვაშის მიერ საქმის მოგების ასეთი მაღალი დონის ლეგიტიმაცია სერიოზულად გაზრდის მისი მოქმედების დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც, თავის მხრივ, ზრდის მის მიერ ჩვენთვის დაპირებული წილების დათმობის შანსებს.

რაც შეეხება ორად გაყოფილ ნაციონალურ მოძრაობას, არსებული ბალანსის დარღვევის გზაზე პირველი ნაბიჯი გადაიდგა ყარამანაშვილების (სააკაშვილის ფრთის) მხრიდან. მათი წინადადება წილების 40% თანამშრომლებისთვის დათმობის თაობაზე არის მცდელობაგაზარდონ საკუთარი პოზიციების მოჩვენებითი ლეგიტიმაცია სტრასბურგის პროცესში.”

მათი განცხადებით, ამ წინადადების ნამდვილი შინაარსი ნიშნავს, რომ თანამშრომლები ვერანაირ ზეგავლენას მოახდენენ სატელევიზიო პოლიტიკაზე. სამაგიეროდ, როგორც დვალი და აქიმიძე აცხადებენ, ისინი გაისვრებიან და გახდებიან ინტრიგის თანამონაწილეები, რომლის მთავარი მიზანია, შეიქმნას მოჩვენებითი დემოკრატიის სურათი პროცესის წინ.

“რაც შეეხება ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან (უგულავა-ბოკერიას ფრთა) გაჟღერებულ კონტრწინადადებას. საპასუხო შეთავაზება შპს-ს შექმნის თაობაზე გულსხმობს, ისევ და ისევ თანამშრომლების გამოყენებით დამყარდეს კონტროლი ტელევიზიაზე. თუმცა, როგორც პირველ ვარიანტში, ახლა უკვე ე.წ. წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნით (შპს) და მისი ამ ფრთისადმი ლოიალური წევრებით დაკომპლექტებით, თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე პროცესებზე, მათ გამოიყენებენ მხოლოდ შირმად.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, როგორც ჩანს, არსებული სიტუაციიდან ამგვარ გამოსავალს პოზიტიურად უყურებს ხელისუფლებაც. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: ამ სქემის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში დამოუკიდებელი რუსთავი 2-ის მაგივრად მივიღებთ კონტროლირებადი პარტიის მიერ კონტროლირებად ტელევიზიას!” – ნათქვამია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების განცხადებაში.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ სურვილი – ტელევიზია გამოვიდეს პოლიტიკური დიქტატიდან, გასაგები და მისასალმებელია, მაგრამ ამ სქემებიდან ნებისმიერის ამოქმედების შემთხვევაში, მათი განცხადებით, ეს 40 – 1000 თანამშრომელი ნებსით თუ უნებლიეთ ბინძური პოლიტიკური გარიგების ნაწილი ხდება.

ევროპასთან დაახლოების პირველ ისტორიულ დღეს კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ამ საქმის სამართლიანად დასრულება, სანამ არ აღდგება ჩვენი, როგორც რუსთავი 2-ის დამფუძნებლების, ორი შელახული ფუნდამენტური უფლებაკერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება,” – აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

 


 

25 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა მხარი დაუჭირეს შპს “რუსთავი 2 ჩემიას” შექმნას, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, თანამშრომლებიც ნაწილი ამ გადაწყვეტილებას და არც შპს-ში წილების განაწილებას არ ეთანხმება. აღნიშნული შპს-ს შექმნის საკითხი დადგა მას შემდეგ, რაც ძმებმა ყარამანიშვილებმა 24 მარტს გამოხატეს მზადყოფნა, ტვ საქართველოს 51% რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის გადაეცათ. ტელეკომპანია საქართველო, თავის მხრივ, ფლობს 51%-ს ტელეკომოპანია რუსთავი 2-ში.

შპს-ის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 25 მარტს გააკეთა, რასაც ფეისბუკის საშუალებით უპასუხა ლევან ყარამანიშვილმა. მისი განცხადებიდან ჩანს, რომ შპს-ის შექმნას ძმები არ ეთანხმებიან. ამის მიუხედავად, რუსთავი 2-ის თანამშრომელთა ნაწილმა შპს-ის დაარსება მაინც გადაწყვიტა და ეს პროცესი პირდაპირ ეთერში გააშუქეს. რუსთავი 2-ის თანამშრომლების უმრავლესობა მხარს უჭერს შპს “რუსთავი 2 ჩემიას” შექმნას, რომელსაც უნდა ფლობდეს არა ყველა თანამშრომელი, არამედ ამ თანამშრომლების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი