ახალი ამბებისამართალი

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

28 მარტი, 2017 • 2862
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომა 5 მაისს ჩაინიშნა, ხოლო ადვოკატები მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

დეკანოზ მამალაძის ადვოკატები წინასწარი პატიმრობიდან მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების სანაცვლოდ 20 ათასი ლარის გირაოს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ გდაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა,  არსებობდა საფრთხე, რომ ბრალდებულმა გიორგი მამლაძემ საქმის მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა.

პროკურატურამ განხილვისას დააყენა შუამდგომლობა პროცესის დახურვის შესახებ, თუმცა დეკანოზის ადვოკატები ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ. საბოლოოდ, სასამართლომ ნაწილობრივ დახურა სხდომა.

დეკქნოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და ის წინასწარ იყო გადაწყვეტილი. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ახალი გარემოება იყო შემდეგი:

“ბატონმა გიორგიმ [ფანცულაია] წარმოადგინა მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ გარკვეული სერიოზული პრობლემები არსებობს. მიუხედავად ამისა, იყო გარკვეული წინაპირობები, რომ მამა გიორგის წინასწარ პატიმრობაშიყოფნა არ იყო მიზანშეწონილი, მაგრამ ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება.”

მისი თქმით, მოსამართლეს დიდი დრო არ დაჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად, სულ რამდენიმე წუთით გავიდა.

“ეს იყო არა მოსამართლის, არამედ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება. მთავარი იყო მისი ე.წ. დასაბუთება, რომ თურმე მართლა საშიშროებას წარმოადგენს მამა გიორგის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის… მოწმის, რომელიც დაცვასთან ერთად დადის, იმაზეც კი მოახდინოს გარკვეული ზეწოლა. მოსამართლემ დაინახა საშიშროება, რომ შესაძლოა მტკიცებულებები გაანადგუროს. მოკლედ, ძალიან აბსურდული საკთხი წამოწია წინ მოსამართლემ და მიიღო ეს გადაწყვეტილება,” – ამბობს რამიშვილი.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საერო და სასულიერო პირების ინტერესებში შედის დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში ყოფნა, თუმცა არ ასახელებს მათ ვინაობას:

“შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს; ამ ქვეყანაში არის ყველქნაირ სამართლებრივ ჩარჩოდან გასული შერჩევითი სამართალი – არჩევენ და აპატიმრებენ იმათ, ვინც მათ არ სჭირდებათ. ამის [დეკანოზის დაკავების] ინტერესი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. ვგულისხმობ ყველანაირ წრეებს, საეროს და სასულიეროს.”

დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ბრალდებულს ისეთი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება, რომელიც საქართველოში ვერ მოხერხდება. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი საფუძველი იყო იმისა, რომ დეკანოზის მიმართ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა მოსამართლემ ესეც არ გაითვალისწინა.

ბრალდების მხარე კი კმაყოფილია მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და მას სამართლიანს უწოდებს. პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ თბილისის საქალაო სასამართომ მიიღო ერთადერთი სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება: “აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია სწორად, ვინაიდან დღეს ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე მიემალება გამოძიებას, მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას და ჩაიდენს ახალ დანაშაულს.”

პროკურორები მიიჩნევენ, რომ თუ გიორგი მამალაძე გათავისუფლება, შესაძლოა ის ფარულ გარიგებაში შევიდეს უკვე დაკითხულ ან მომავალში დასაკითხ პირებთან და მოახდენს მათზე ზეწოლას.

“არაერთხელ განვმარტეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს არაერთი მიმართულებით იმის დასადგენად, თუ ვინ მიჰყიდა გიორგი მამალაძეს ციანიდი და იარაღი. შესაბამისად, თუ გიორგი მამალაძე იქნება თავისუფლებაში, არსებოვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ფარულ გარიგებაში შევა უკვე დაკითხულ ან მომავალში დასაკითხ პირებთან, რითაც ის მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას და ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ასევე, არსებობს დასაბუღებული ცარაუდი, რომ ის მიემალება გამოძიებას. ამის დოკუმენტაციაც არსებობს, რომ მას აქვს გავლენიანი კავშირები საზღვარგაეთ და აქვს დამაკმაყოფილებელი ფინანსურიმდგომარეობა, რითაც შეძლბს მიემალოს მართლმსაჯულებას,” – ამბობს გუბელაძე.

პროკურორი ასევე პასუხობს ადვოკატების განცხადებებს. მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილებოდა მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების საკითხი და განცხადებები, თითქოს მტკიცებულებების წარდგენის საშუალება არ მიეცა დაცვის მხარეს და ა.შ. არ არის სიმართლე: “დღეს არ ყოფილა არსებითი განხილვა, არ ხდებოდა მტკიცებულებების წარდგენა და დეტალურად გამოკვლევა. შესაბამისად, მათი განცხადება, თითოს მტკიცებულებებს წარდგენის საშუალება არ მიეცათ, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა.”

ზვიად გუბელაძემ ასევე განმარტა ის, თ რატომ მოითხოვეს განხილვის დროს პროცესის დახურვა. მისი თქმით, ეს პროცესზე დამსწრები ადამიანების უსაფრთხოების მიზნით გააკეთეს, რასაც მოსამართლეც დაეთანხმა.

“ბრალდების მხარე შუამდგომლობდა სხდომის დახურვას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებული დეტალებზე საუბარი შესაძლოა ყოფილიყო საფრთხე პროცესის მონაწიეთათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვნ ვიშუამდგომლეთ, რომ დახურულიყო სხდომა. ადვოკატები აღნიშნულ საკითხის შუამდჰომლობაზე რატომღაც არ დაგვეთანხმნენ, როდესაც ისინი თავად საუბრობდნენ პროცესის მონაწილეების გარკვეულ საფრთხეე. გახსოვთ ალბათ მათი განცხადებები. დღეს კი, ასეთ სენსიტიურ საკითხზე დაიწყეს სხვადასხვა მანიპულაციბი. პროცესის მონაწილეებში იგულისხმებიან როგორც მოწმეები, ოჯახის წევრები, სხვა პირები და ა.შ. ჩვნი შუამდგომლობა პროცესის დახურვის სწორედ მათი უსაფრთხოეის საკითხს ეხებოდა, რაც სასამართომ სრულად გაიზიარა,” – განაცხადა პროკურორმა.


პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი