ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

ევროპაში ქართული ლიტერატურა ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გერმანიაშია

28 მარტი, 2017 • 19941
ევროპაში ქართული ლიტერატურა ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გერმანიაშია

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ქართულენოვანი წიგნი გერმანულ ენაზე ითარგმნა. ამის მიზეზადაც ფრანკფურტის წიგნის ფესტივალს ასახელებენ, რომელსაც საქართველო  2018 წელს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს, გერმანელი მკითხველი  ქართული ლიტერატურით დაინტერესდეს.

23-26 მარტს გერმანიაში, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ქართველი მწერლები 15-მდე წიგნით წარდგნენ, რომლებიც გერმანულად ითარგმნა. ღონისძიება იმითაც იყო გამორჩეული, რომ წელს პირველად ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმის, “Das Blaue Sofa“-ს სტუმარი თანამედროვე ქართველი მწერალი, ნაირა გელაშვილი იყო. თხუთმეტივე წიგნი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით ითარგმნა.

ლაიფციგის წიგნის ფესტივალზე წელს პირველად იყო მიწვეული  ეკა ქევანიშვილიც, სადაც პოეტმა გერმანელ მკითხველს თავისი შემოქმედება გააცნო. როგორც ეკა ამბობს, მსგავსი ფესტივალები  ქართველ ავტორებს კონტაქტების მოძიებაში ეხმარება, რათა საკუთარი შემოქმედება ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანონ:

“ლაიფციგი მაგისთვისაა კარგი, კონტაქტები მყარდება, ცოცხლად გისმენენ, როგორ კითხულობ, გეკითხებიან, რაზე წერ და ეს ცოცხალი კონტაქტი არის გაგრძელების პერსპექტივა, რომ რაღაცა მოხდეს მერე. ვიღაცა დაინტერესდეს, უფრო მეტად ჩაიხედოს შენს ნაწერებში. ვიღაცა ვიღაცას რომ ეტყვის გადმოცემით, ეს სხვაა და როდესაც ცოცხლად გხედავს, ეს მუხტი უფრო ძლიერია. ჩემ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ სამომავლოდ რაღაც პროექტების ნათელი წერტილები გამოჩნდა. იქ შეიძლება რაღაც პატარა ანთოლოგია იყოს, სადაც ჩემს ლექსებს თარგმნიან, შეიძლება ასევე პირადი კონტაქტები უფრო გაძლიერდეს,” – ამბობს ეკა.

ქართველი მწერლები ლაიფციგში, ფოტო: ეკა ქევანიშვილის ფეისბუკის გვერდიდან

ქართველი მწერლები ლაიფციგში, ფოტო: ეკა ქევანიშვილის ფეისბუკის გვერდიდან

მისი თქმით, ყველა ღონისძიება, რომელშიც ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო, ხალხმრავლობით გამოირჩეოდა:

“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან აინტერესებთ  უფრო, მე ჩემიდან გამომდინარე ვამბობ, სოციალური, ფემინისტური  პოეზია. მე ასეთი ლექსები წავიკითხე და რამდენიმე ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტი მივიღე გერმანელი მთარგმნელების და პოეტებისგან. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად მათ გვერდით მივდივართ, ზოგიერთ შემთხვევაში უხუცესებიც ვართ ხოლმე – მგონია, მთლად სუბიექტურიც არ არის. რატომ არ უნდა გაიგონ, რაზე ვწერთ, რა გვაწუხებს, თან მილიონი პრობლემა გვაქვს. იმათ შეიძლება სულ არ აწუხებთ ის პრობლემები, რაც აქ, საქართველოში ხდება და ეს ძალიან ხშირად აისახება პოეზიაში,” – ამბობს ეკა ქევანიშვილი.

პროექტს “ქართული ლიტერატურა თარგმანებში” ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი 2014 წლიდან ახორციელებს. როგორც ცენტრში ამბობენ, მათი თანადაფინანსებით, უცხოურმა გამომცემლობებმა მთლიანობაში თარგმნეს 130-მდე ქართულენოვანი ნაწარმოები. ამ ეტაპზე ცენტრი 25-მდე ენას მოიცავს. როგორც ქართული წიგნის ცენტრში ამბობენ, ყველაზე მეტი წიგნი გერმანულ ენაზეა თარგმნილი. გერმანულს ინგლისურენოვანი გამოცემები მოსდევს, დაახლოებით 25-მდე წიგნით. ქართული ლიტერატურა ასევე ითარგმნება იტალიურ, ფრანგულ, შვედურ, ესპანურ და სხვა ენებზე.

თარგმნილ წიგნებს შორის არის როგორც რომანები, ასევე პოეზიისა და პროზის კრებულები. გერმანულენოვანი თარგმანების სიუხვეს  კი ცენტრში იმით ხსნიან, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს გერმანელი მკითხველი ქართული ლიტერატურით დაინტერესდეს.  იმ წიგნებს შორის კი, რომლებსაც ქვეყნის გარეთ განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად, ლაშა ბუღაძის “ლიტერატურული ექსპრესია”. წიგნი გერმანულ ენაზე 8 თვის წინ 3000-იანი ტირაჟით გამოიცა და თითქმის სრულად გაიყიდა.

როგორ ავტორი ამბობს, რომანის თარგმნის ინიციატივა ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს ეკუთვნის. სწორედ მან გაუწია ლაშა ბუღაძეს რეკომენდაცია საკუთარ გამომცემელთან, შემდეგ კი “ლიტერატურული ექსპრესი” თავადვე თარგმნა:

ლაშა ბუღაძე, ფოტო მისი ფეისბუკის გვერდიდან

ლაშა ბუღაძე, ფოტო მისი ფეისბუკის გვერდიდან

“მე, ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა. ნინო თვითონ არის შესანიშნავი მწერალი და მისი გერმანული არის სრულიად უნიკალური. გარდა ყველაფრისა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტილის დაცვა, იუმორის განცდა, რაც ძალიან უჭირთ ხოლმე მთარგმნელებს ამ ინტონაციის დაჭერა. რაც ჩემთვის იყო ძალიან სასიხარულო, უცნაურ პარადოქსთანაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს საქმე, იმ კუთხით, რომ ეს წიგნი 8 თვეა, რაც გამოიცა გერმანიაში  და თითქმის მთელი ტირაჟი გაყიდულია, რაც ძალინ გამიხარდა. რამდენიმე ათას ცალ ეგზემპლარზეა საუბარი. პარადოქსი რატომ ვთქვი, იგივე წიგნი, იგივე რომანი საქართველოში, რომელიც გამოსულია 2010 წელს, ალბათ, საკმაოდ დიდი წვალებით იყიდება აქ. არ ვიცი, რა ფაქტორების გამოა, მაგრამ ფაქტია, იგივე წიგნი 8 თვის წინ გამოვიდა [გერმანიაში] და უკვე რამდენიმე ათასს აღწევს,” – ამბობს ლაშა ბუღაძე.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება, რაც გერმანელ მკითხველთან ურთიერთობისას დარჩა, მათ მიერ, როგორც თვითონ ამბობს, მწერლის პერსონალური კონტექსტის გარეშე აღქმა იყო:

“მწერალსა და მკითხველს შორის საქართველოში, ეს ალბათ ცალკე საკვლევი თემაა, ძალიან დიდი წილი უკავია კონკრეტულად ავტორის მიმართ დამოკიდებულებას. იქ მქონდა ძალიან სასიამოვნო განცდა, რომ მკითხველი ჩემ გარეშე ეურთიერთებოდა წიგნებს. იქ მოჩვენებასავით არ ვედექი მე შუაში, როგორც ან საფრთხობელა, ან პირიქით, შესაძლოა, მიმზიდველიც ვიყო ჩემი ფაქტორით, რაღაც კუთხით. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იქ არის ტექსტი და არის ამ ტექსტის აღმქმელი და არავითარ შემთხვევაში რამე დამატებითი კომპონენტი, რომელსაც შეიძლება მწერლებიც ვუწყობთ ხოლმე ხელს, რომ თავადაც ვიყოთ ხელის შემშლელები ჩვენი წიგნისათვის საქართვლოში. აი, გერმანიაში გარკვეული სხვა გამოცდილებაც  მქონდა, მაგრამ ჩვენი და ჩემი პერსონალური კონტექსტების გარეშე რომ ვიყავით მკითხველის მიერ აღქმულები, ეს იყო უაღრესად სასიამოვნო და ძალიან ობიექტური,” – ამბობს ლაშა.

ბუღაძის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი პროფესიული გამოცდილების გაზიარებაა:

“გერმანიაში გამომცემლებს, მოგეხსენებათ, ასეთი ფუნქციაც აქვთ – ლექტორი. არა რედაქტორი, არა კორექტორი, არამედ ლექტორი. რაღაცნაირად, მწერლის ალტერ ეგო, რომელიც ჩართულია ტექსტში, ის პოულობს ტექსტში მხატვრულ შეუსაბამობებს, ეკითხება, რატომ ასე? აი, ეს ლექტორებთან მუშაობა ძალიან მინდა საქართველოშიც იყოს. ეს ძალიან ეხმარება ლიტერატურულ პროცესს – პროფესიული გამოცდილებიდან გამოვყოფდი ამას,” – ამბობს ბუღაძე.

ბუღაძის თქმით, ქართული ლიტერატურისადმი ინტერესი ევროპაში უდავოდ არსებობს. ამ ფაქტს მწერალი თავად ქვეყნის მიმართ დაინტერესებას უკავშირებს, რაც საქართველოს ევროპასთან ბოლოდროინდელმა დაახლოებამ გამოიწვია:

“დაინტერესება არის იმიტომ, რომ საინტერესოა აღმოსავლეთ ევროპა. ძალიან საინტერესოა ის პრობლემები, რომელიც დღეს ევროპას გაუჩნდა, ის შიშები, რომელიც გაუჩნდათ თუნდაც რუსეთის მიმართ და ამ კონტექსტში საქართველო და უკრაინა არიან ძალიან საინტერესოები. ევროპელი მკითხველი, მოდით, გერმანელ მკითხველზე ვისაუბროთ, იმ გამოცდილებიდან, რაც ამ ტურებიდან მიმიღია, როდესაც მოდიან ეს ადამიანები, ბუნებრივია, არ გეკითხებიან მხოლოდ ლიტერატურულ ტექსტზე. შეკითხვები არის საქართველოზე, რუსეთზე, 2008 წლის ომზე, განსხვავებებზე, შიშებზე, გამოცდილებაზე, ისტორიულ თუ პოლიტიკურ თუ სხვაგვარზე. ეს ადამიანები არ ინტერესდებიან მხოლოდ მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იმიტომ, რომ ლიტერატურა არ ყვება მხოლოდ ფაქტებს. ის ცდილობს, უფრო მრავალგვარად წარმოადგინოს ხოლმე რაღაცები, რაც შეიძლება ძალიან მშრალად იყოს მოწოდებული რომელიმე მედიის მიერ,” – ამბობს ლაშა ბუღაძე.

ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი გამომცემლები თანადაფინანსების მოთხოვნით წიგნის ეროვნულ ცენტრს თავად უკავშირდებიან. როგორც ცენტრში ამბობენ, გამომდინარე იქიდან, რომ უცხოენოვანი გამომცემლობების დაინტერესება გაზრდილია, წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, ორის ნაცვლად სამი სააპლიკაციო პერიოდი გამოცხადდება, რომელთაგან ორზე გამარჯვებულები უკვე შეირჩა და გადაწყდა, რომ კიდევ 45 ქართული ნაწარმოები გადაითარგმნება სხვადასხვა ენაზე. მესამე სააპლიკაციო პერიოდს კი ცენტრი 2017 წლის ზაფხულში გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი