“ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა სურვილს გამოთქვამს, თბილისში ავარიული სახლების გამაგრება, რესტავრაცია, რეაბილიტაციაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ეს ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ლიტონ სიტყვებად რჩება, როდესაც თბილისის მერიისთვის გამოსაყოფ სპეციალურ ტრანსფერს 13 მილიონი ლარით ამცირებენ. თბილისის მერია ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, რესტავრაცია, რეაბილიტაციაზე ყოველწლიურად დაახლოებით 25-დან 35 მილიონ ლარამდე ხარჯავს. კარგი იქნებოდა, ნიშნის მოგების ნაცვლად, ბატონ პრემიერს კონსტრუქციული თანამშრომლობის რეალური სურვილი გამოეთქვა” – ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება რიყის თეატრის მშენებლობას, მერიის განცხადების თანახმად, ის არ შენდება თბილისის ბიუჯეტიდან: “თეატრი სპეციალური ტრანსფერით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ისე, რომ თბილისის ბიუჯეტში საერთოდ არასდროს ყოფილა ასახული. სამწუხაროა, რომ მმართველობის ორი თვის თავზე პრემიერი დღემდე ვერ გაერკვა ქვეყნის საბიუჯეტო მოწყობის დეტალებში. რაც შეეხება რიყის ტერიტორიის განვითარებასა და თავად თეატრს, მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს და ის პრაქტიკულად დასრულებულია. შესაბამისად, საუბარი თეატრისა და მშვიდობის ხიდის დემონტაჟსა თუ დანგრევაზე, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვანდალიზმის ტოლფასია.”
თბილისის მერია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ სხვა საკითხებთან ერთად ამავე კონტექსტში განხილულ იქნას მისი კუთვნილი სახლისა და ბიზნეს-ცენტრის სოლოლაკის ქედზე მშენებლობის საკითხიც: ” მხოლოდ ასეთ პირობებში მიგვაჩნია მსჯელობა სამართლიანი, ობიექტური და ყოველგვარი პოლიტიკური კონიუქტურისაგან თავისუფალი. სხვა შემთხვევაში ყოველი ასეთი მცდელობა განხილულ იქნება, როგორც კონკრეტული პოლიტიკოსის ახირება თუ პოლიტიკური შურისძიება. სამწუხაროა, რომ შენობები პოლიტიკური შურისძიების საგანი შეიძლება გახდეს. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მზადყოფნას გამოვთქვამთ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის” – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.