ახალი ამბები

აჭარის მთავრობა საკრებულოს თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს

18 დეკემბერი, 2012 •
აჭარის მთავრობა საკრებულოს თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის ბრალდებებს  აბსურდულს უწოდებს.  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გუშინ ქობულეთის გამგეობაში მოქალაქეების შეჭრის ფაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულა.  

 

 

„გიორგი კირთაძის ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ერთი მარტივი მიზეზის გამო.  ჩვენთან როდესაც მოვიდა მომიტინგეების საინიციატივო ჯგუფი, ითხოვდნენ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და მოთხოვნა ქონდათ ერთი  – გადამდგარიყო ქობულეთის გამგებელი, ჩვენ მარტივად ავუხსენით იმ ხალხს და განვუმარტეთ, რომ ქობულეთის გამგეობა არის თვითმმართველი ერთეული და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი იქ ჩარევისა. გიორგი კირთაძის  განცხადება, თითქოს ჩვენი მართულია, არის ტყუილი. გუშინ ჩვენი წარმომადგენელი  გავუშვით, რომ ეს ხალხი დაგვემშვიდებინა. შედეგი სახეზე იყო, ეს ხალხი დაიშალა და დღეს აღარაფერი აღარ მომხდარა“,- განაცხადა ჭეიშვილმა.

 

 

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა განმარტება გააკეთა დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის კობა ნაკაიძის ქობულეთის გამგეობაში ყოფნის ფაქტზეც.  

 

 

„კობა ნაკაიძე არის  დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი და მას მისი სამსახურეობრივი საქმე ქონდა გამგებელთან. როდესაც გამოვიდა გამგებლიდან,  გარეთ იყო ეს ხალხი შეკრებილი. არანაირ პროცესში ის მონაწილეობას არ ღებულობდა,  მიუხედავად იმისა, რომ ის იყო „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი არჩევნებამდე. არ ვიცი, კირთაძე რას გულისხმობს, თუ რამე დაესიზმრა, არ ვიცი. ცოტა ნაკლებ კონსულტაციებს თუ აიღებს წარსული პოლიტიკოსებიდან, უფრო უკეთესი იქნება ყველასთვის,“ – განაცხადა ჭეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი