ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს გუშინ ქობულეთის გამგეობაში მოქალაქეების შეჭრის ფაქტის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ განცხადება გიორგი კირთაძემ საკრებულოს სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ფაქტს. ის, რაც მოხდა გუშინ ქობულეთში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. დანაშაულის შემცველი ფაქტი. ასევე მინდა ვთქვა, რომ, ჩემდა სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს და სათავეში უდგას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ამის არგუმენტად ისიც საკმარისია, რომ დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი მაღალი საჯარო თანამდებობის პირი კობა ნაკაიძე გუშინ აქტიურად ხელმძღვანელობდა ქობულეთში დარბევის თუ შეჭრია აქციას. ჩემი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში იგივე იგეგმება ბათუმის საკრებულოში და აჭარის სხვა რეგიონებში. მე მინდა ვთხოვო ყველას, სამართალდამცავებს პირველ რიგში, რომ თავი დავანებოთ ამ ტიპის საქციელს და გადავიდეთ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე,“ – განაცხადა კირთაძემ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნათია სირაბიძეს. მისი განცხადებით, კირთაძის ბრალდებებზე განცხადებას ნახევარ საათში გააკეთებენ.