ახალი ამბები

რისთვის იხარჯებოდა ფული სარეზერვო ფონდებიდან

17 დეკემბერი, 2012 •
რისთვის იხარჯებოდა ფული სარეზერვო ფონდებიდან

ინფორმაცია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული თანხის შესახებ ჟურნალისტებს გააცნო საია–ს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა და ამავე ორგანიზაციის იურისტებმა -სულხან სალაძემ და გიორგი ნარმანიამ.

 

საია–ს ცნობით, “ბოლო წლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სფეროდ იქცა. როგორც წესი, აღნიშნული ფონდებიდან ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვა ხდებოდა. თუმცა საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა, როგორც ამ ხარჯების მიზანშეწონილობა, ისე სხვადასხვა მიმართულებით გახარჯული თანხების ოდენობა”.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სარეზერო ფონდიდან ფულის ხარჯვაზე მოიცავს 2010-2011 წლებს სრულად და 2012 წლის პერიოდს იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით.

 
 
საია–ს შეფასებით, საკითხის შესწავლისა და ანალიზის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ:
 
1. 2010-2011 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებთან მიმართებაში მაღალია ე.წ. უცნობი ხარჯების წილი. 2010 წელს აღნიშნული თანხა შეადგენდა 20 მილიონ 591 ათას 792 ლარს, რაც მთელი სარეზერვო ფონდის 38% იყო. ხოლო 2011 წელში იგივე ტიპის ხარჯები 16 მილიონ 571 ათას 714  მილიონი ლარი იყო, რამაც 34% შეადგინა.
 
 
2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვაზე გავლენა მოხდინა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. კერძოდ, მარტო მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად 33 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში პრეზიდენტის განკარგულებებში არ ყოფილა ასახული გამოყოფილი თანხების კონკრეტული მიზნობრიობა, რაც თვითმმართველ ერთეულებს გამოყოფილი თანხების ხარჯვისთვის მეტ თავისუფლებას უტოვებდა.
 
 
3. 2010 წელში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  თანხების ყველაზე დიდი წილი- 12 მილიონ 890 ათასი 824 ლარი (23,61%), კონცერტების, მუსიკალური კლიპებისა და სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოიყო. ხოლო, 2011 წელში ხარჯების ყველაზე დიდი წილი -8 მილიონ 080 ათას 164 ლარი (16,39%), საცურაო აუზების, ბულვარების, სტადიონების, პარკებისა და კოტეჯის მშენებლობისთვის იქნა გათვალისწინებული.
 
 
4. 2012 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან ბევრად მეტი თანხის გამოყოფა მოხდა, ვიდრე ეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიშში არის ასახული. კერძოდ, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესულების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 40 მილიონ 984 ათასი ლარი გამოიყო. ხოლო საიასთვის მოწოდებული განკარგულებების მიხედვით, აღნიშნული თანხა 44 მილიონ 612 ათას 057 ლარს შეადგენს.
 
 
საია–ს იურისტის, სულხან სალაძის თქმით, მხოლოდ ანდრეა ბოჩელის კონცერტისთვის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა 900 ათასი ევრო, ხოლო 2010 წელს საახალხო ღონისძიებები ბათუმში დაფინანსდა 4 მილიონ ლარზე მეტი თანხით. გარდა ამისა, არც ერთი გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის შესახებ დასაბუთებული არ არის.
 
 
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკანონმდებლ ორგანოს უახლოეს მომავალში წარუდგენს კანონპროექტს, რომლიც ითვალისწინებს სარეზერვო ფონდების რეფორმირებას, კერძოდ, განისაზღვრება ის მიზნები და აუცილებელი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ამ ფონდებიდან უნდა იხარჯებოდეს ფული.

მასალების გადაბეჭდვის წესი