ქობულეთის გამგეობის შენობაში ამ წუთებში 100-150 -მდე ადამიანია შესული და გამგებლის, თენგიზ ზოიძის გადადგომას მოითხოვენ – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს” ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა დაუდასტურა. მისი თქმით, ორი საათის წინ გამგეობის შენობაში ასზე მეტი ადამიანი შეიჭრა გამგებლის გადადგომის მოთხოვნით.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, გამგეობის შენობაში გამგებლის გადადგომას „ქართული ოცნების” მხარდამჭერები ითხოვენ. ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ შენობაში „ქართული ოცნების” ქობულეთის შტაბის ხელმძღვანელი, კობა ნაკაიძეც იმყოფებოდა.
ინციდენტის ადგილზე იმყოფება ქობულეთის პოლიცია.
ანზორ თხილაიშვილი, უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან” „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ინციდენტის შესახებ იცის, თუმცა ეს მისგან დამოუკიდებლად ხდება: „აბსოლუტურად დამოუკიდებლად ხდება ეს ყველაფერი, არ ვიცი, ვისი ორგანზიებით, არა ვარ საქმის კურსში. არ ვაპირებ ამ პროცესებში ჩარევას, ვემიჯნები ამ პროცესებს. ჩემი აზრით, ეს არის კანონდარღვევა.”
