ახალი ამბებისამართალი

ზვიად გამსახურდიას შვილები მამის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქციას გამართავენ

27 მარტი, 2017 • 2936
ზვიად გამსახურდიას შვილები მამის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქციას გამართავენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები მამის მკვლელობის გამოძიების დასრულების მოთხოვნით 31 მარტს თბილისში აქციას გამართავენ. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმეზე სათანადო საგამოძიებო სამუშაოებს არ აწარმოებს და საგამოძიებო სამსახური არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენით.

“გამოძიება 24-ე წელია ჰაერშია გამოკიდებული და საზოდოებას არ აქვს პასუხები უმთავრეს კითხვებთან დაკავშირებით,” – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია – “გადის ექვსი წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში მოქმედმა დროებითმა კომისიამ, რომელიც იკვლევდა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეს, საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა ძირითადი დოკუმენტი და გადის წელიწადხანევარი იქიდან, რაც პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა განზრახ მკვლელობის მუხლით. მთელი ამ ხნის მანძილზე, შეიძლება ითქვას, რომ არანაირი წინსვლა არ არის. არ ჩატარებულა სერიოზული საგამოძიებო სამუშაოები.”

საქართველოს პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას საქმე 2015 წელს გადააკვალიფიცირა განზრახ მკვლელობის მუხლით. მანამდე გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობდა. გამსახურდიები აცხადებენ, რომ ამ დროის განმავლობაში მთავარ პროკურატურას საქმისათვის ახალი დეტალები არ დაუმატებიათ.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ 2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში საქმესთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ კომისიას არ მიეცა საგამოძიებო ფუნქციები, ვრცელი მოკვლევის შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადაეცა პროკურატურას.

გამსახურდიების განცხადებით, კომისიისა და პროკურატურის მიერ მოწმეთა გამოკითხვების შედეგებს შორის ფაქტობრივი განსხვავებებია, რის გამოკვლევასაც პროკურატურა არ ცდილობს. ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, პროკურატურა საქმეს განზრახ აჭიანურებს.

“მე როდესაც შევხვდით ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ 2013 წელს, ის თავად დამპირდა საქმის გამოძიებას… ჩვენ გარკვეული დროით ველოდებოდით ქმედით ღონისძიებებს, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. სრულიად უნიათო, სულელური მანერით კითხავდნენ პრიკურატურის გამომძიებლები მკვლელობის მთავარ მოწმეებს. დაკითხვა მიმდინარეობს ფორმალობისათვის. პროკურატურის მაღალჩინოსნებისგან ჩვენ სიცრუის მეტი არაფერი გვინახავს,” – აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

გამსახურდიები აცხადებენ, რომ ხელისუფლება დამნაშავეებს იფარავს, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რა შეიძლება იყოს ამისი მოტივი.

გამსახურდიები მოუწოდებენ საზოგადოებას, 31 მარტს, 16:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბონ და მოითხოვონ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს შესაბამისი გამოძიება.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა გაერკვია, თუ რა ეტაპზეა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, თუმცა პრესსამსახურს ამ დრომდე არ მოუწოდებია ინფორმაცია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველი ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე იმუშავა დროებითმა სპეციალურმა კომისიამ. გამსახურდიას ოჯახმა 2014 წელს მიმართა საქართველოს მთავრობას საქმის გამოძიების დასრულების თხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი