“ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად ჩიხშია და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი დიალოგი გაგრძელდება რეგულარულ საფუძველზე და ვიმსჯელებთ ფორმატის ტექნიკურ ასპექტებზე. პირველმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ დიალოგი შესაძლებელია,”- განაცხადა დღეს, 17 დეკემბერს გამართულ პრეკონფერენციაზე ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძის განმარტებით, მხარეებმა შეხვედრის დასაწყისისთვის სავაჭრო, სატრანსპორტო, რეგულარული საავიაციო მიმოსვლისა და ჰუმანიტარულ – კულტურული ურთიერთობების საკითხები განსაზღვრეს.
“რაღაც დროის შემდეგ ალბათ მივადგებით იმ თემებსაც, რაც ყველაზე უფრო გვაწუხებს. არის ამ ეტაპზე ჩიხური თემები, ე.წ. წითელ ხაზს მიღმა არსებული თემები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო ურთიერთობისა და სუვერენიტეტის საკითხებს უკავშირდება. თუ პირდაპირ ამ თემებით დავიწყებთ, დიალოგი არ შედგება.”
ე.წ ჩიხურ თემებთან დაკავშირებით აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან დიალოგი უშედეგოდ დასრულდეს, თუმცა “მუდმივად ჩიხში ყოფნას და კონფრონტაციას ჯობია გამოვნახოთ გამოსავალი და ვიპოვოთ სარკმელი მოჯადოებულ წრეში.”
ზურაბ აბაშიძე რუსეთთან დიალოგის დაწყებისკენ გადადგმული ნაბიჯის რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და ამბობს, რომ პირველ რიგში ეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა.
“ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის მოთხოვნა იყო, – გამონახეთ რუსეთთან საერთო ენა. ალბათ, იცით საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებიც.”
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, რომ არ იცის საქართველოს გარდა სხვა ქვეყანა, ვისაც რუსეთთან მსგავსი ურთიერთობა აქვს, შესაბამისად, ეს არის, მისი თქმით, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულიყო.
“ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი, რადგან დასავლელი პარტნიორები მრავალი წლის მანძილზე მოგვიწოდებდნენ, – დაიწყეთ რუსეთთან საუბარი. შეეცადეთ გამონახოთ საერთო ენა. ჯერ არ შემხვეედრია სოლიდური დასავლელი პოლიტიკოსი ან დიპლომატი, რომელსაც რამე საწინააღმდეგო ერჩია.”
აბაშიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ყოფილი ხელისუფლებაც გამოთქვამდა რუსეთთან დიალოგის დაწყებას, თუმცა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ხელისუფლებაში არაერთხელ უთქვამთ, რუსეთს მიხეილ სააკაშვილთან დიალოგი არ სურს, აცხადებს:
“რუსეთის მხრიდან გვესმოდა და დღესაც გვესმის, რომ ბატონ სააკაშვილთან მათ დიალოგი არ სურდათ და არ სურთ. თუმცა მე არც ახლა და არც ადრე ვფიქრობდი, რომ რუსეთთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ მას უკავშირდება. ბავშვი არ ვარ და 90-იანი წლებიც კარგად მახსოვს, თუმცა ის ფაქტი, რომ რუსეთთან დიალოგი დაიწყო, რაღაცაზე მიუთითებს.”
რაც შეეხება საკითხს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შესახებ, აბაშიძის განამარტებით, “დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ აღნიშნული ორი დიალოგის საკითხები გაიმიჯნოს და ამ დიალოგით ჟენევის ფორმატის დუბლირება არ მოხდეს.”
როდის გაიმართება საქართველოსა და რუსეთს შორის შემდეგი შეხვდრა და რა ფორმატში, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, საჭიროების შესაბამისად შედგება, შესაძლოა, 2-3 თვეში ერთხელ.
“ფორმატსაც გადავხედავთ, შესაძლოა, ის გაცდეს 1-1 -ზე ფორმატს. ამაზე ვიმსჯელებთ.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების მეორე პირს, გრიგორი კარასინს 14 დეკემბერს შვეიცარიაში შეხვდა.
შეხვედრას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომლის შესაბამისად, მოსკოვი მზადაა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე დისკუსიის დასაწყებად.
მისივე თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი განაახლოს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა და საქართველო და რუსეთი შვეიცარიის შუამდგომლობით ურთიერთობენ ამ დროის მანძილზე.
საქართველოს ახალი მთავრობის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მანამდე არ აღდგება, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი არ იქნება.