ახალი ამბები

გვარამია: მე და ბევრი რ2-ელი ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყარამანიშვილებმა

26 მარტი, 2017 • 2748
გვარამია: მე და ბევრი რ2-ელი ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყარამანიშვილებმა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება ტელევიზიის ამჟამინდელი მფლობელების – ძმებ ყარამანიშვილების დღევანდელ განცხადებას, რომ ისინი ხვალიდან წილების შესახებ უშუალოდ კოლექტივთან დაიწყებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს.

“მოელაპარაკეთ, ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი, ვისაც გნებავთ, იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ. გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს. ჩვენ არ გამოვსულვართ თავდაპირველი მოთხოვნით, გინდა თუ არა, რამე გადმოგვეცით-თქო. ღიად მივიღეთ ეს შემოთავაზება და ღიად ჩავებით დისკუსიაში,” – წერს გვარამია ფეისბუკში.

მისი თქმით, ამ დისკუსიაში წარმოაჩინა მკაფიო პოზიცია – “წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა”.

“არ ვაპირებთ ლეღვისფოთლობას. ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, იმის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს.
საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი რ2ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი”, – აცხადებს გვარამია.

იგი ყარამანიშვილების ინიციატივას წილების რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის გადაცემის თაობაზე შემდეგი ქრონოლოგიით აღწერს:
1. შემოგვთავაზეს (საკუთარი ინიციატივით) რ2-ის დაყადაღებული 40%, რომლის გადმოცემა ყადაღის მოხსნის შემთხვევაშიც იურიდიულად შეუძლებელია (მოითხოვს 9%-ის მფლობელის თანხმობას, რომელიც ხელისუფლების თამაშშია ჩაბმული და არც ერთ ვითარებაში ამგვარი თანხმობა არ გაუცია)
2. ვუპასუხეთ უარით და ვითხოვეთ (და არა მოვითხოვეთ) შპს საქართველო, თუ დამფუძნებლებს ჰქონდათ რეალური, და არა თვალის ასახვევი სურვილი, კოლექტივი ჩაერთოთ პროცესებში)
3. პასუხად შემოგვთავაზეს შპს საქართველოს 51%


4. ვუპასუხეთ თანხმობით და შევთავაზეთ ფორმა – შპს რუსთავი 2 ჩემია, კოლექტივის ფართო ჩართულობით, რისი დემონსტრირება მოხდა ეთერში. შპს იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ცალკეული პირების წილებზე ნადირობა და გადაბირება (ანუ, ისევ თვალის ასახვევ შეთავაზებასთან არ გვქონოდა საქმე)


5. პასუხად მივიღეთ – ცუდად გააშუქეთ ჩვენი შეთავაზება, არავითარი შპს, კოლექტივთან ვიწყებთ მოლაპარაკებებსო (“ცუდად გაშუქება” არ შეესაბამება სინამდვილეს)

ყარამანიშვილები აღნიშნავენ, რომ მათი წინადადება 51%-იანი წილის გადაცემის თაობაზე ეხება რუსთავი 2-ის ყველა თანამშრომლისთვის ამ წილის განაწილებას, ხოლო ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ უნდა შეიქმნა შპს “რუსთავი 2 ჩვენია”, რომელსაც ეყოლება 40 დამფუძნებელი, რომლებიც შერჩეული იქნებიან კონკრეტული გადაცემებიდან და სწორედ ეს შპს იქნება 51%-იანი წილის განმკარგველი.

“ნიკა გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვევლი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში. ითქვა, რომ ამ შპს-ში შეიძლება იყოს 20-30-იანი 50 დამფუძნებელი (ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების მაქსიმუმ 5%). დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა, რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ „მეორე მხარეს“. გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია”, – ნათქვამია ყარამანიშვილების გუშინდელ განცხადებაში, რის შემდეგაც გვარამიამ მოიწვია ტელევიზიის თანამშრომლების თათბირი. ამ თათბირის შედეგად ხმათა უმრავლესობით თანამშრომლებმა გვარამიას წინადადებას დაუჭირეს მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი