ახალი ამბები

ვინ გახდება საია–ს ახალი თავმჯდომარე

17 დეკემბერი, 2012 •
ვინ გახდება საია–ს ახალი თავმჯდომარე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს პოსტზე 1 წლის ვადით გამგეობის წევრები ფარული კენჭისყრით ირჩევენ. ერთ ადამიანს ამ პოსტის დაკავება მხოლოდ 3–ჯერ შეუძლია.

დღემდე მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი საია–ს თავმჯდომარის პოსტს 2011–2012 წლებში იკავებდა. მას კიდევ ერთხელ შეუძლია ამ პოსტის დაკავება.

თამარ ჩუგოშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ გამგეობის წევრთა შეკრებაზე ახალი თავმჯდომარე ამავე გამგეობის წევრთაგან უნდა შეარჩიონ.

“თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება შეუძლიათ გამგეობის წევრებს. თუ მე დამასახელებენ, უარს არ ვიტყვი, ალბათ, ერთ–ერთი კანდიდატი მეც ვიქნები”, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი. კანდიდატად საკუთარი თავის დასახელება შეუძლიათ კანდიდატობის მსურველებსაც. 

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრად ორგანიზაციის წევრებმა აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, რომელიც საია–ს ერთ–ერთი დამფუძნებელია.

აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში გააჩინა კითხვები, როგორ შეძლებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვისას იყოს მიუკერძოებელი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, საია–ს თავმჯდომარის პოსტსზე ასევე შეიძლება დასახელდეს ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრი კახა კოჟორიძე. ის გარკვეული დროის მანძილზე საია–ში სამართლებრივი დახმარების ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა, თუმცა ამჟამად ორგანიზციაში არ მუშაობს.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს კახა კოჟორიძე. მისი თქმით, ის არ აპირებს ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს.

საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნდა საქართველოში 1994 წელს და მას შემდეგ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს ადამიანის უფლებების დაცვა და მონიტორინგი წარმოადგენს.  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ასევე მოქმედებს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი, რომელიც მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს უფასო სამართლებრივი დაცვით უზრუნველყოფს ადგილობრივ სასამართლოებსა და სტრასბურგის სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი