სენდი ჰუკის სკოლა, ე.წ. დაწყებითი სკოლაა, სადაც 5-დან 7 წლამდე ბავშვები სწავლობენ. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული ოცი ბავშვის ასაკი 6-7 წელია. ყველა მათგანის ვინაობა პოლიციისთვის უკვე ცნობილია.
ექსპერტების დასკვნით, თითქმის ყველა გარდაცვლილის სხეულზე ორი- სამი ნატყვიარია. ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი რამდენიმე იარაღით ერთდროულად ისროდა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ სკოლის მოსწავლეების დაცხრილვაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. მისი გვამი პოლიციამ სკოლასთან ახლოს იპოვნა. ეჭვმიტანილი 20 წლის ადამ ლანცია, სავარაუდოდ, თავად სწავლობდა ამ სკოლაში – წერს ბიბისი.
სკოლაში გაკვეთილები ადგილობრივი დროით 9:30 წუთზე იწყება, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს შევიდა სკოლის შენობაში ადამ ლანცი. პოლიციამ შეტყობინება სროლის შესახებ 15 დეკემბერს, 9:36 წუთზე მიიღო.
პოლიციას ტრაგედიის ერთ-ერთი მომსწრე უყვება, რომ 100-მდე გასროლის ხმა გაიგო. სროლა რამდენიმე წუთის მანძილზე გაგრძელდა, თუმცა მას 20 ბავშვი და 6 ქალი შეეწირა.
სკოლის პერსონალმა მასწავლებელთა ნაწილის გაფრთხილება შეძლო. მათ კლასის კარი ჩაკეტეს, ბავშვების ნაწილი კარადებში დაიმალა.
როგორც ერთ-ერთი მოწმე ყვება, ეჭვმიტანილი ორი იარაღით ისროდა და ხმას არ იღებდა. ის სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი, მის ავტომობილში, რომელიც სკოლასთან იდგა, კიდევ ერთი იარაღი იპოვნეს.