ახალი ამბები

აუდიტორია N115-ის წევრმა გიორგი სოფრომაძემ სასამართლოზე დაკითხვა მოითხოვა

24 მარტი, 2017 • 1697
აუდიტორია N115-ის წევრმა გიორგი სოფრომაძემ სასამართლოზე დაკითხვა მოითხოვა

აუდიტორია N115-ის წევრმა, გიორგი სოფრომაძემ გამოძიებისთვის მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, თუ პროკურატურა სოფრომაძის დაკითხვასთან დაკავშირებით შუამდგომლობას კვლავ დააყენებს, იგი სასამართლოს მისცემს ჩვენებას.

სოფრომაძის მოწმის სახით დაკითხვა გამოძიებას საზოგადოებრივ მაუწყებელთან 9 თებერვალს გამართული აქციის მიმდინარეობისას ტელევიზიის ფოიეში სპეციალური საშვის გარეშე შესვლის გამო სურდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ სტუდენტების ტელევიზიის ფოიეში უნებართვოთ შესვლა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად შეაფასა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით ისჯება. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყევბლის წინ გამართული აქციის მონაწილეები ტელევიზიის ფოიეში 30 წუთით შევიდნენ და მოითხოვეს პირდაპირი ეთერი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა, თუმცა მეორე დღეს ტელევიზიის აღმასრულებელმა საბჭომ სტუდენტების პროტესტის ეს ფორმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად შეაფასა. აუდიტორია N115 სოლიდარობას უცხადებდა ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებსაც ერთთვიანი კონტრაქტები გაუუქმეს და რომელთა გადაცემებსაც დახურვის საფრთხე ემუქრებოდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი