ახალი ამბები

სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები უმჯობესდება

14 დეკემბერი, 2012 •
სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები უმჯობესდება

დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის შესახებ განცხადება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გააკეთა:

 

„უახლოეს პერიოდში ქართველ სამხედროებს ექნებათ ახალი სადაზღვევო პაკეტი. ასევე, პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით, მომავალი წლიდან ავღანეთში მყოფ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს გაეზრდებათ ხელფასი. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმისათვის, რომ რეალურად ჩვენ შევუქმნათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს როგორც სოციალური, ასევე საყოფაცხოვრებო პირობები. რაც მთავარია, მათ უნდა ჰქონდეთ ისეთი ტექნიკა და შეიარაღება, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლონ“. 

დღესვე საქართველოს შეიარაღებული ძალების 708 წვევამდელმა სამხედრო ფიცი მიიღო. ცერემონიალი ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. წვევამდელებს ირაკლი ალასანიამ მიულოცა. 

 

„ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი დასაცავია მშვიდობა, ჩვენი დასაცავია საქართველო. უნდა გახსოვდეთ – გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, საკუთარ თანამებრძოლებს, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი  გმირი გვყავს, ვის სახელსაც ვიხსენებთ. მაგრამ ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება ცოცხალი გმირები, ვინც უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, გავაკეთებ ყველაფერს, რათა შეგექმნათ ყველა პირობა თქვენი მთავარი ფუნქციის ღირსეულად შესრულებისთვის“,- ალასანიას ციტატას თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრი აქვეყნებს.

 

ცერემონიალზე, სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართეს. 

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი