ახალი ამბები

აბესაძე: სამთავრობო ქალაქის ასაშენებელი ფული ეკონომიკის განვითარების პროგრამებს მოაკლდება

23 მარტი, 2017 • 1606
აბესაძე: სამთავრობო ქალაქის ასაშენებელი ფული ეკონომიკის განვითარების პროგრამებს მოაკლდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქის აშენებისთვის საჭირო თანხები მოაკლდებათ სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ეკონომიკის განვითარების პროგრამებს.

დეპუტატის თქმით, სამწუხაროა, რომ სამთავრობო გუნდი აგრძელებს ადმინისტრაციული სახსრების ხარჯვას:

“2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ჩვენ ვნახეთ, რომ ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე უარის ვერ თქმის გამო გაზარდეს გადასახადები და დღეს მოსახლეობას სხვადასხვა პროდუქტებში უწევს გაცილებით მეტის გადახდა, ვიდრე ეს იყო მანამდე. კვირიკაშვილი აანონსებს, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან ათეულობით მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს კვლავ ჩინოვნიკებისთვის, მინისტრებისთვის კომფორტის მოწყობაზე და ეს თანხა უნდა მოაკლდეს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ეკონომიკის განვითარების პროგრამებს, რომელიც მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება,” – ამბობს აბესაძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას  პირადი სარგებლის მიღების იქით არაფერი აინტერესებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 23 მარტის სხდომაზე განაცხადა, რომ “ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქი აშენდება”.

პრემიერის თქმით, ეს იქნება ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება. მისივე განცხადებით, ეს პროექტი მმართველობის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი – ბიზნესსახლი, თუმცა, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო ქალაქის მოცულობითი პროექტი განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი