“ვგეგმავთ იმ ყველა საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობის მიღებას, რომლის საშუალებაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. კვლევები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმეტი არა მხოლოდ შეფასებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ განვავითაროთ სტრატეგიები, დავხვეწოთ ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პოგრამები, სახელმძღვანელოების, პედაგოგთა გადამზადებისა და მართვის სისტემა. თუ არ არსებობს ობიექტური დიაგნოზი, ვერ შევძლებთ ჩვენი შეზღუდული რესურების რაციონალურად გადანაწილებას,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში განათლების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საერთაშორისო კვლევებზე, სადაც საქართველო წლების მანძილზე ერთ-ერთ დაბალ შედეგს აჩვენებდა, უარი 2011 წლის დეკემბერში განაცხადა. მისი მაშინდელი განმარტებით, აღნიშნული კვლევები არაკომპეტენტურად ტარდებოდა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში, როდესაც გამოცდების ეროვნული ცენტრი მისმა ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა დატოვეს, გაირკვა, რომ სამინისტრო ცენტრს სთხოვდა, არ გასაჯაროებულიყო აღნიშნული კვლევების შედეგები.