პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს დაიწყო. თუმცა მაშინ პროექტი სამუშაო პროცესში იყო. საბოლოო ვარსია კი დღეს, 13 დეკემბერს გასაჯაროვდა.
5 – წლიანი პროექტის ფარგლებში, 2013-2014-წლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ 121 საჯარო სკოლა ჩაერთვება, 2014 წლიდან მომდევნო ეტაპზე დანარჩენ სკოლებსაც მიეცამათ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა.
“ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომის კუთხით ჩვენ გვაქვს სერიუზული პრობლემები, ამის არაღიარება წარმოუდგენელია. ძირეულად არის გადასახედი სწავლების სტრატეგიები, პედაგოგთა გადამზადების სისტემა, მშობელთა ჩართულობა. საგაკვეთილო პროცესში რომ მივიღოთ ხარისხიანი განათლება, მუშაობა არის საჭირო მრავალი კუთხით. ეს პროქტი ამ მხრივ მნიშვნელოვან რესურსებს იძლევა,”- აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში განათლების მინისტრის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე.
მასწავლებლებს, დირექტორებსა და სკოლებს აღნიშნული პროექტი ერთი წლის მანძილზე შესთავაზებს ტრენინგებსა და სკოლის ბაზაზე რეგულარულ პროფესიულ მხარდაჭერას, სასწავლო აღჭურვილობასა და თვალსაჩიონებებს და სხვა სასწავლო რესურსებს მათემატიკისთვის და ტრენინგ- პროგრამას მშობელთა ჩართულობის ხელშესაწყობად.
გარდა ამისა, პროგრამის შესაბამისად, პროგრამაში მონაწილე სერტიფიცირებული და პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლები მიიღებენ კრედიტებს, არასერტიფიცირებულები კი შეძლებენ მოემზადონ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის.
პროგრამაში მონაწილე სკოლის დირექტორები შეძლებენ დააკმაყოფილონ სკოლის დირექტორის სტანდარტი სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერისა და მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით.
წინასწარი პროგნოზით, სკოლები აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკეთესად მოემზადებიან ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესისთვის.
“ასევე სკოლები შეძლებენ მეტი წარმატებით დააკმაყოფილონ ბრენდირების სისტემის შემდეგი კრიტერიუმები: სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა, წიგნების რაოდენობა ბიბლიოთეკაში, მასწავლებელთა რაოდენობა, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული პროფესიული განვითარებუს ტრენინგებში.”
პროექტის საპილოტე ეტაპი 2013 წლის თებერვალში დაიწყება და 2014 წლის ივნისში დასრულდება. თავდაპირველად პროექტში საქართველოს მასშტაბით 121 სკოლა ჩაერთვება. სააპლიკაციო ფორმების მიღება მიმდინარე წლის 17 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება.