ახალი ამბები

დატოვებს თუ არა ჰესის მშენებლობა საფერავით ცნობილ სოფელ ართანას წყლის გარეშე

22 მარტი, 2017 • 6824
დატოვებს თუ არა ჰესის მშენებლობა საფერავით ცნობილ სოფელ ართანას წყლის გარეშე

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ჰესის აშენება იგეგმება, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამს ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი, რადგან სოფელს, სადაც საფერავი ხარობს, შესაძლოა, სარწყავი და სასმელი წყლის მომარაგებაში პრობლემები შეექმნას.

ართანის მცხოვრებლებმა ონლაინ პეტიციაც შეადგინეს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის სახელზე, რომ არ დაუშვან სოფელში ჰესის აშენება.

მცხოვრებლების სახელით გავრცელებულ პეტიციაში ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ჰესის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის სოფლის მეურნეობას, რომელიც ართანაში ვითარდება.

“ართანა საფერავის ერთ-ერთ საუკეთესო ზონად მიიჩნევა, რასაც აქაური მიკროკლიმატი განაპირობებს. ამის ნათელი მაგალითია მევენახე და მეღვინე კახა ბერიშვილის “ართანული საფერავი”- ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნატურალური ღვინო, რომელიც ბევრ ქვეყანაში დიდი დაფასებით სარგებლობას და თავისთავად ართანის “ბრენდს” წარმოადგენს… ყოველივე ამის გათვალისწინებით, წლების მანძილზე გაწეული შრომის და დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ჩამოყალიბდა სოფლის რეალური პოტენციალის განვითარების ხედვა, რომელიც გამორიცხავს ბუნებაში უხეშ ჩარევას”, – წერია პეტიციაში.

სოფელი ართანა

სოფელი ართანა

ართანა ჰესი მდინარე დიდხევის მარჯვენა ნაპირზე აშენდება, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ადგილას დიდი ზომის წყალსაცავი არ დაგუბდება, სამაგიეროდ მდინარის 90%-ს 4 -კილომეტრიან მილში მოაქცევენ, ხოლო დანარჩენი 10% დარჩება მდინარის კალაპოტში.

ჰესის სიმძლავრე იქნება 4.22 მეგავატი. ხოლო წელიწადში გამოიმუშავებს 24.422 კვტ/სთ ელექტროენერგიას. გზშ-ს მიხედვით, ჰესის მშენებლობაზე 70-80 ადამიანი დასაქმდება.

პროექტის თაობაზე უკვე შემუშავებულია ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის წინასწარი ვერსია, რომლის განხილვა 2016 წლის 6 აპრილს იგეგმება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გზშ-ში წერია, რომ პროექტი სრულ ჰარმონიაშია სახელმწიფოს ენერგეტიკულ სტრატეგიასთან.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჰესი ვერ გადაჭრის ქვეყნის წინაშე არსებულ ენერგეტიკულ გამოწვევებს, მაგრამ სამაგიეროდ ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას, დაასაქმებს მათ. მოსალოდნელია, გაჩნდეს კვების ობიექტები, გაიყიდოს სამშენებლო მასალები.

ასევე ჩამოთვლილია საფრთხეები:

[checklist]

  • ჰესის გავლენის ზონაში მოხვდება ართანის სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების სისტემების სათავო ნაგებობები და ექსპლუატაციის ფაზაში მდინარეში წყლის დონის შემცირება მნიშვნელოვნად გააუარესებს მოსახლეობის წყლის მომარაგებას.
  • წყლის დონის შემცირება გამოიწვევს ხეობისთვის დამახასიათებელი ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლების და ამფიბიების ზოგიერთ სახეობაზე ზემოქმედებას – საარსებო გარემოს შეზღუდვას.
  • მშენებლობის ეტაპზე გაიზრდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიებით, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და ცხოველთა სამყაროზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები
  • მშენებლობის ეტაპზე საგულისხმო იქნება მდინარე დიდხევის ხეობის ბიოლოგიურ გარემოზე (ფლორა, ფაუნა) ზემოქმედების რისკები. ექსპლუატაციის ეტაპი საყურადღებო იქნება იქთიოფაუნაზე ზემოქმედების თვალსაზრისით;
  • მშენებლობის პერიოდში მიწის სამუშაოები და გარკვეულ ზოლში ხემცენარეული საფარის გასუფთავება უარყოფითად იმოქმედებს გეოლოგიური გარემოს სტაბილურობაზე
  •  ასევე ზემოთ ხსენებული მშენებლობა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს დიდხევის ბუნებრივ ჩამონადენზე. არსებობს  მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების  რისკები.

[/checklist]

გზშ-ს სამუშაო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია თუ შეასრულებს გარემოსდაცვით ვალდებულებებს, პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგები უფრო დადებითი იქნება, ვიდრე გარემოს მიმართ მიყენებული ზიანი.

შემარბილებელი ღონისძიებები:

[checklist]

  • სოფლის სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემის გადაჭრისთვის კომპანია “ართანა ლოპოტა” გეგმავს სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობას ჰესის წყალმიმღების ზედა ნაწილში (ბიეფში), ხოლო სარწყავად გამოიყენებენ ჰესის მიერ გამომუშავებულ წყალს.
  • ჰესზე მოეწყობა დაბალზღურბლიანი დამბა და გვერდითი წყალმიმღები, რაც შესაძლებელს გახდის, ზედა ბიეფიდან ქვედა ბიეფში ზედმეტი წყლისა და მყარი ნარჩენების გადატანას.
  • ზედა ბიეფში მოეწყობა მცირე შეგუბება, რაც გამორიცხავს მიკროკლიმატის ცვლილებას და მეტეოპირობების გაუარესებას.
  • სათავე ნაგებობაზე მოეწყობა თევზგასავალი, რაც შეამცირებს იქთიოფაუნაზე ნეგატიურ ზემოქმედებას.

[/checklist]

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წევრი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ პრობლემურია მდინარის წყლის 90%-ის მილში მოქცევა, ხოლო 10%-ის დატოვება, რადგან ეს ყველა შემთხვევაში დააზარალებს მდინარის იხტიოფაუნას, თუნდაც ამ პროცესის შემარბილებელი ღონისძიებები მიიღოს კომპანიამ.

მეორე საკითხი, რაზეც გუჯარაიძე ამახვილებს ყურადღებას, ისაა, რომ ეს პროექტი ასევე გავლენას მოახდენს სოფელში მცხოვრებ ადამიანებზე და შესაძლოა სოფელი დაცლის წინაშე დააყენოს. ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ ართანა საზღვრისპირა სოფელია და ამის გამო ეს საკითხი უსაფრთხებასაც ეხება.

[yellow_box]ვინ აშენებს ჰესს[/yellow_box]

ჰესს კომპანია “ართანა ლოპოტა” აშენებს, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით, 2014 წლის 24 სექტემბერსაა დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელები არიან “შპს დეკა” (80%) და “სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” (20%).

“ართანა ლოპოტას” მმართველი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება. დირექტორთა საბჭოში შედიან გიორგი კალანდაძე, ბიძინა იმნაძე და ნუგზარ ხაინდრავა.

“შპს დეკას” მფლობელები არიან გიორგი კალანდაძე (40%), ბიძინა იმნაძე (517651969) 40%, გროს ენერჯი ჯგუფი – 5%, ჰიდრო ენერჯი ინვესტი – 12%, ააიპ ფონდი კურაციო – 2%.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის 100% სახელმწიფოს საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი