ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია პრემიერისა და სოციალურად დაუცველთა შეხვედრა. რკინიგზის საავადმყოფოში უნებართვოდ მცხოვრები ადამიანები ხელისუფლებისგან ითხოვენ შენობაში დროებით გაჩერებას, ფინანსურ დახმარებას და შენობაში ელ. ენერგიის შეყვანას.
“თქვენ ერთი რამ უნდა გააცნობიეროთ. ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ყველაფერს ერთ დღეში ვერ გადავწყვეტთ. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს, ყველას ყველაფერი დავუკმაყოფილო დღესვე და ყველა ბედნიერი იყოს, მაგრამ ეს წარმოუდგენელია. თქვენ საქართველოს რეალობა უნდა გაითვალისწინოთ. გაძლევთ პირობას, რომ დღითიდღე პრობლემები გამოსწორდება და პირობები გაუმჯობესდება”, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა სოციალურად დაუცველებს.
პრემიერ–მინისტრმა მათ ასევე უთხრა, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მუშაობს მათი პრობლემების მოგვარებაზე და უახლოეს დღეებში მათ შეხვდება. სოციალურად დაუცველებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ ახალი მთავრობის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ და ითხოვენ თბილისის მერის, გიგი უგულავას დასჯას, რომელმაც, მათივე აზრით, სოციალურად დაუცველთა “ფულები შეჭამა”.
“ასეთი ძალისხმევით, რასაც თქვენ ცდილობთ, არაფერი არ გამოვა. ახლა მე რომ თქვენ დაგაკმაყოფილოთ, ხვალ აქ ხუთი თქვენზე მეტი ხალხი მოვა. ზეგ კიდევ მეტი დაემატება და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ამ ყველაფრის ერთ დღეში გადაწყვეტა? როგორც კი თქვენს პრობლემას გადავწყვეტ, ეს არ დაიფარება, მთელი საქართველო აქ მოვა. საუბედუროდ, დღეს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველას დავეხმაროთ, ყველას პრობლემა გადავუჭრათ და ეს თქვენ უნდა გაითვალისწინოთ”, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა სოციალურად დაუცველებს.
ერთ-ერთი სოციალურად დაუცველის განცხადებაზე – “200 ლარიანი ქირა ისევ მდიდრებს გადავუხადოთ სახლებში?”, პრემიერ-მინისტრი ასე გამოეხმაურა:
“ყველანაირი დაჩები, ყველანაირი მშენებლობები, ყველანაირი პრივილეგიები, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ყველაფერს ჩამოვართმევთ და ყველაფერს ამას გამოვაქვეყნებთ. არავითარი წყნეთი, არავითარი დაჩები, იქ კიდევ მშენებლობები მიდის, ყველაფერი გავაჩერეთ, ყველაფერი თქვენსკენ წამოვა, მაგრამ საკმარისი მაინც არ იქნება, რომ ყველას ადამიანურად და ნორმალურად თქვენი ოჯახის რჩენა შეგეძლოთ”.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ–მინისტრი სოციალურად დაუცველებს დაპირდა, რომ თუ ჯანდაცვის მინისტრთან ვერ მიაღწევენ ვერანაირ შეთანხმებას, ის მათ კიდევ ერთხელ შეხვდება. სოციალურად დაუცველებმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადეს და უთხრეს, რომ მისი ბიზნეს–ცენტრის ტერიტორიას დატოვებენ.
