ახალი ამბები

თალაკვაძე: ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ პრეზიდენტის ოჯახის თითოეულ განცხადებას

22 მარტი, 2017 • 1950
თალაკვაძე: ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ პრეზიდენტის ოჯახის თითოეულ განცხადებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყურადღებით უნდა მოეკიდოს პრეზიდენტის ოჯახის წევრების თითოეულ განცხადებას. ამის შესახებ მან ანა მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

“პრეზიდენტის შვილმა მართლაც ხმამაღალი განცხადებები გააკეთა. რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც დაწყებულია კონკრეტულად ამ საქმეზე, ჩვენ მივადევნებთ თვალს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება დროულად ობიექტურად დასრულდება. ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის ოჯახიდან მოდის,” – ამბობს თალაკვაძე.

მისივე თქმით, 22 მარტს, 13:30 საათზე შსს–სთან დაგეგმილი აქცია – “არა ჩადებას” პიარაქციაა:

“ნარკოდანაშაულთან, ნარტკოტრაფიკთან ბრძოლა ისევე უკომპრომისოდ  უნდა გაგრძელდეს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. საქართველო საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ პოზიციაშია, მათ შორის ნარკოტრაფიკთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობების შესუსტება მიზანშეწონილი არ არის”.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილი – ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ სუს–ის თანამშრომლები ადრეც უთვალთვალებდნენ და ახლაც აგრძელებენ იმავეს მისი ოჯახის წევრების მიმართ. ამის შესახებ მან 21 მარტს ისაუბრა.

“ზუსტად ვიცით, სუს-ის თანამშრომლის მანქანა იდგა მინდიას [გოგოჭურის] სახლის წინ. არ ვიცი, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც დევნა და როგორც რეპრესიები, არ ვიცი,“ – განაცხადა ანა მარგველაშვილმა რუსთავი 2–ის გადაცემა “არჩევანის” ეთერში.

ანა მარგველაშვილის თქმით, მის სიძეს – მინდია გოგოჭურს, ასევე, მეგობრებს – თორნიკე კაჭარავასა და მიხეილ თათარიშვილს აფრთხილებდნენ წინასწარ, რომ შესაძლოა მათთვის ჩაედოთ იარაღი ან ნარკოტიკი. მარგველაშვილის თქმით, ეს მუქარა რეალობად იქცა, ვინაიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკვე დააკავეს მიხეილ თათარიშვილი.

„შეიძლება, უშუალოდ მინდიაზეც. არ ვიცი, რამდენს გაბედავენ, მაგრამ თორნიკე კაჭარავაზე ზუსტად ვიცი, რომ მსგავს ქმედებებს აპირებენ და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ძალიან ვართ ამით აღშფოთებულები, შეშინებულები და არ ვიცით, ვის მივმართოთ და ვისგან დავიცვათ თავი იმიტომ, რომ ისიც ასევე სახლიდან არ გამოდის,“ – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი