ახალი ამბები

რა აჩვენა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზმა

11 დეკემბერი, 2012 • 1399
რა აჩვენა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზმა

“საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზსა და რეკომენდაციებში” დაწვრილებით არის ნაჩვენები, თუ როგორ ასახავს საქართველოს ახლად არჩეული მთავრობა ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს ქვეყნის უმთავრეს ფინანსურ დოკუმენტებში და ამასთანავე, სთავაზობს მთავრობას მათი გადაჭრის შესაძლო გზებს. 

 

ანგარიშის თანახმად გამოიკვეთა, რომ ბიუჯეტი, წინა წლების მსგავსად, განაგრძობს ზრდას და წინა მაჩვენებელს 628.5 მილიონი ლარით აღემატება. 

 

“შემოსავლების მატება კი დაკავშირებულია საგადასახადო შემოსავლების მატებასთან, რომელიც 2012 წელთან შედარებით 620 მილიონი ლარით იზრდება, გრანტებიდან და სხვა შემოსავლებიდან მისაღები სახსრები კი მცირდება წინა წელთან შედარებით.” 

 

ბიუჯეტის ანალიზის დროს ყურადღება გამახვილებულია  სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის შექმნაზეც, სადაც წერია, რომ დიდ რისკებია მის ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით.

 

“მიზანშეწონილია სახელმწიფომ უზრუნველყოს მოსახლეობის დაზღვევა კერძო სადაზღვევო კომპანიებში, თუმცა მოახდინოს, ამავდორულად, სადაზღვევო კომპანიების პერმანენტული მკაცრი მონიტორინგი. მთავრობის გეგმა, დააზღვიოს საქართველოს ყველა მოქალაქე საბაზისო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით, ხოლო უფრო ყოვლისმომცველი დაზღვევის საფასური მოსახლეობამ თვითონ გადაიხადოს. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალშემოსავლიან ფენებს თავად შეუძლიათ დაფარონ საკუთარი დაზღვევის ხარჯები, უმჯობესი იქნება, სახელმწიფომ დააზღვიოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენა და უმუშევრები. ასევე, უმჯობესია ბავშვებში ქრონიკული დაავადებების პრევენციაზე ზრუნვა, ვიდრე ყველა მოქალაქის ტოტალური დაზღვევა,”- ნათქვამია ანგარიშში. 

 

რაც შეეხება განათლების ბიუჯეტს, ცენტრის ექპერტთა მოსაზრებით, განათლების დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს სასკოლო განათლების ხარისხობრივ აპექტებს.

 

“მოსწავლეთა კლასგარეშე მომზადება უკვე საშუალო ასაკიდან იწყება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ განათლების სახელმწიფო სისტემის სოციალური დანახარჯები გაცილებით აღემატება ოფიციალურად დეკლარირებულს, ვინაიდან საჯარო სასკოლო სისტემაში ამა თუ იმ მიზეზით  ხერხდება უმაღლესი განათლებისათვის მოსწავლის სათანადო მომზადება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია განათლებაზე ასიგნებების ზრდის პარალელურად განათლების ხარისხის ამაღლებაზე მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში დაგეგმილი ასიგნებების ზრდა განათლების ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდის გარანტი ვერ გახდება.”

 

ცენტრის ექპერტები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი განათლების გაზრდილი ბიუჯეტიც შესაძლოა არაეფექტური აღმოჩნდეს.

 

“მიგვაჩნია, რომ უმაღლეს განათლებაში აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმდენად სახელმწიფო დაფინანსების ზრდაზე, არამედ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ავტონომიურობისა და შესაძლებლობების ზრდაზე, თავად მოიზიდონ სახსრები განვითარებისთვის,”- ამბობს ცენტრის ექსპერტი ლაშა დოლიძე.

 

რაც შეეხება, კიდევ ერთ პრიორიტეტულ სფეროს, სოფლის მეურნეობას, ექსპერტთა ხედვით, ამ სფეროში ჯერჯერობით ბევრი გაუკვეველი გარემოება არსებობს:

 

“ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებში ნავარაუდევია სოფლის მეურნეობის დაფინანსების კიდევ უფრო ზრდა წელს და მომდევნო ფისკალურ წლებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, ამ დაფინანსების ზრდის შესაძლო სტრუქტურასა და სიდიდესთან დაკავშირებით კვლავაც დიდია გაურკვევლობის ხარისხი და მკაფიოდ გაწერილი კონცეფცია ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის. ამის და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ნავარაუდევია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნებით ერთმილიარდიანი ფონდის დაფუძნება, სოფლის მეურნეობის ასიგნებების შესაძლო ტენდენციების ანალიზი 2014-16 წლებისათვის მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, რადგანაც ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახე ექნება ამ ფონდს, როგორი მიმართება ექნება სახელმწიფო ბიუჯეტთან და საქმიანობის რა სფეროებს შეითავსებს ან გაუცვლის მას.”

 

ცენტრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წინა ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაშიც სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები არ იქნებოდა მკვეთრად განსხვავებული, ვინაიდან მმართველი გუნდის წინაასარჩევნო დაპირებები ასევე სოციალური სფეროების ბიუჯეტის პრიორიტეტულობას გამოკვეთდა.

 

“ვიანდაინ ამომრჩევლის მოთხოვნა სოციალურ დაკვეთაზე იყო ირიენტირებული, 2013 წლის ბიუჯეტიც ასახავს ამ დაპირებებს,” -ამბობს ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. 

 

ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი