ახალი ამბები

შოთაძე: დეკანოზის გარდა, სხვისი შესაძლო დანაშაულის მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება

20 მარტი, 2017 • 2175
შოთაძე: დეკანოზის გარდა, სხვისი შესაძლო დანაშაულის მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება

დღეს, 20 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა, სხვა პიროვნებების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები ე.წ. ციანიდის საქმეზე არ მოიპოვება. თუმცა უცნობია, მუშაობს თუ არა გამოძიება ისევ იმ ვერსიაზე, რომ “ბრალდებული, სავარაუდოდ, თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდა”, რის შესახებაც 8 მარტს პროკურატურაში თავადვე განაცხადეს.

“მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა მან [გიორგი მამალაძემ] შხამიანი ნივთიერება. გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება ერთი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი – ეს არის ბრალდებული გიორგი მამალაძე და მის მიმართ წარდგენილი არის შესაბამისი ბრალდება ამ მუხლით. ამდენად, რა თქმა უნდა, მე სხვა პიროვნებებზე რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ამაზე შესაბამისი საპროცესო და სხვა მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება,” – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარ პროკურატურაში 2016 წლის 8 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ “ვინაიდან საქმეზე მოპოვებული ცალკეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე, შესაძლოა, ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, ასევე, იგი სავარაუდოდ მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერებულ იქნა გერმანიაში ყოფნის დროს პატრიარქის უსაფრთხოება.”

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა 8 მარტს ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ვარაუდის საფუძველზე მთავარი პროკურატურა აგრძელებს მუშაობას რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დეკანოზის ადვოკატების თქმით, საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ ბოლოს მიცემულ ჩვენებაში კიდევ ორი პიროვნება, მიტროპოლიტი დიმიტრი და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაასახელა, რითაც ამ საქმესთან მათ შესაძლო კავშირზე მიანიშნა. თუმცა, როგორც ირაკლი მამალაძე ამბობს, ამით მხოლოდ ფაქტი აღნიშნა, რომ დიმიტრი შიოლაშვილი და სოსო ოხანაშვილიც გერმანიაში იმყოფებოდნენ პატრიარქის ბერლინში ყოფნის დროს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გახადა საჯარო.

გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით, გიორგი მამალაძეს პარტრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა თავად სთხოვა ციანიდის შეძენა. დეკანოზი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიაში მუშაობდა წლების მანძილზე. ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, არ გამორცხავს, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი